პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საქართველოში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაპატრულო პოლიციის ავტომობილები თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიციის ავტომობილები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ყოფილი მმართველი პარტია ქვეყანაში ვითარების დაძაბვაშია დაინტერესებული.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სრულ მზადყოფნაში არიან, რადგან ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის თაობაზე, განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გასცა ბრძანება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მზადყოფნის უფრო მაღალ სტატუსზე იქნან გადაყვანილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი არჩევნების წინ და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები, ეს არის აუცილებელი. ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და ჩვენ მზად ვართ რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს, რომ არ ჩავატაროთ კონტრაქციები. ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს ოპოზიციური თუ მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.  ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და შეხლა-შემოხლა“, — განმარტა კვირიკაშვილმა.

შსს აპოლიტიკური უწყებაა, რომელიც მოწოდებულია, ქვეყანაში წესრიგი უზრუნველყოს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ“, — დაასკვნა პრემიერმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთხელ უარყვეს ხელისუფლების ბრალდებები. ისინი, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტიაა დაინტერესებული.

ყველა ახალი ამბავი
0