საქართველოში სამხედრო სწავლებები Agile Spirit დასრულდა

გამოწერა
თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები სამი ათასი წლის განმავლობაში იცავდნენ, მიმართა მარგველაშვილმა წვრთნების მონაწილეებს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2016, რომელიც საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყო ორფოლოს პოლიგონზე, დასრულდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

Agile Spirit-ის სწავლებებში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ატარებდა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მონაწილეობენ ქართველი, თურქი, უკრაინელი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი და ლატვიელი სამხედროები.

საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებში ტანკები და არტილერიაც მონაწილეობდა - Sputnik საქართველო
საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებში ტანკები და არტილერიაც მონაწილეობდა

წვრთნების დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

„დღეს აქ გაისმა ექვსი ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი“, — განაცხადა ცერემონიაზე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას, რომლებიც წვრთნების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.

„დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვანი სწავლების ორგანიზებაში მონაწილეობდა. ეს არის თავდაცვის სამინისტროები, ეს არის დიპლომატიური კორპუსი, მათ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ ეს სწავლება შთამბეჭდავი ყოფილიყო. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან“, — ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა.

სამხედრო წვრთნები ორფოლოში - Sputnik საქართველო
საქართველოში მიმდინარე Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებს ჟურნალისტები აკვირდებოდნენ

სამხედროებს წვრთნების წარმატებით გასრულება მიულოცა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვამოძრავებს საერთო ღირებულებები. სწორედ ეს ღირებულებებია, რომლებიც გვამტკიცებს და ჩვენს მორალს შეურყეველს ხდის. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც ჩვენი ქვეყნები, ჩვენი საზოგადოებები უნდა ცხოვრობდნენ უსაფრთხოების ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლებას, ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. ეს სისტემა დღეს დიდი საფრთხეების წინაშე დგას… ჩვენ ერთმანეთს, სწორედ ძლიერები ვჭირდებით, სწორედ ისეთები ვჭირდებით, როგორც თქვენ წვრთნებში აჩვენებთ საკუთარ თავს“, — თქვა მან.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება იყო.

ყველა ახალი ამბავი
0