მცხეთის ჯვრის გადასარჩენად დარაზმული ქართველები და სახელგანთქმული იტალიელი

© Sputnik / Levan Avlabreliჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჯვრის ძალით უძლურნი, მკელობელნი, ბრმანი იკურნებოდნენ, მკვდრად მისუსტებულნი ცოცხლდებოდნენ. მცხეთის ჯვრის ძლიერების ამბავი სწრაფად მოედო საქართველოს, კავკასიას, სომხეთს და ყოვლის მხრიდან მოდიოდნენ დედაქალაქში ამ ჯვრის თაყვანის საცემლად...“

ანასტასია შრაიბერი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძველი ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მცხეთის ჯვარი საფრთხეშია. ტაძარი იშლება! 

2016 წლის მაისში ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. თავდაპირველად ტაძარს კონსერვაციისწინა ანალიზი ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ჯვრის მცირე ეკლესია (რომელიც მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს) ყველაზე მეტადაა დაზიანებული. ჩამორღვეულია როგორც ფასადი, ისე ეკლესიის ინტერიერი. ამიტომაც სარესტავრაციო სამუშაოები სწორედ იქიდან დაიწყო. 

როგორც რესტავრატორები ამბობენ, მხოლოდ მცირე ეკლესიის რეაბილიტაციას სამი წელი სჭირდება.  

ჯვრის მონასტერში დაზიანებული კედლების კონსერვაცია სრულდება. - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

„ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იან წლებში ჩატარდა. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს“, — ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. 

დაზიანებებს ძირითადად ჯვრის მონასტრის მდებარეობა იწვევს. ტაძარი მაღალ მთაზეა აგებული და ამიტომ მას გამუდმებით და ყველა მხრიდან უტევს ქარი. გარდა ამისა, ტაძრის ფასადს დიდ ზიანს აყენებს ატმოსფერული ნალექები და ცოცხალი ორგანიზმები: ბაქტერიები, სოკოები თუ წყალმცენარეები. 

წინა რესტავრაციას ძნელად თუ უწოდებს კაცი წარმატებულს. პირიქით, ის საკმაოდ უხეშადაც კი იყო შესრულებული. როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ,  ტაძრის ზოგ კედელში რესტავრატორებმა ძველი ქვები ბეტონის ფილებით შეცვალეს, რაც, გარდა იმისა, რომ დილეტანტიზმზე მეტყველებს, ამ საოცარი მონასტრის უნაკლო იერსახესაც ამახინჯებს. 

კონსერვაცია, როგორც გონივრული გამოსავალი

ამჯერად, გასულ წლებში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინეს და რესტავრაციის უფრო მეტად ფრთხილ და ხარისხიან მეთოდს, კონსერვაციას მიმართეს. 

ძეგლის კონსერვაცია — ეს ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობაა. ძეგლზე ასევე შეიძლება ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის რეაბილიტაციამდე. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას.

ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ახორციელებს ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით.  

© Sputnik / Levan Avlabreliხედი ჯვრის მონასტრიდან.
ხედი ჯვრის მონასტრიდან. - Sputnik საქართველო
ხედი ჯვრის მონასტრიდან.

„უბრალო ენით რომ ვთქვათ, კონსერვაციის პრინციპი იმაშია, რომ ძველმა,  ორიგინალურმა ქვამ პირვანდელი სახე შეინარჩუნოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოს ახალი ქვით. აქ ჩვენ მაღალი დონის დელამინაციასთან, ანუ ქვის ძლიერ განშრევებასთან გვაქვს საქმე. თანაც ქვები და ხვრელები ძველი, წინა რესტავრაციის დროინდელი ცემენტისგანაც უნდა გავასუფთაოთ და ბიოლოგიური ორგანიზმებისგან დაზიანებული ფენებიც უნდა გავწმინდოთ“, — უთხრა Sputnik-რესტავრატორმა სალომე ახალაშვილმა. 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს ძალიან ხანგრძლივი და სკრუპულოზური სამუშაოა. კონსერვაციის რამდენიმე ეტაპის შემდეგ რესტავრატორები ობიექტს ერთი თვით ასვენებენ, შემდეგ კი ყურადღებით სწავლობენ, რამდენად ეფექტურად იმოქმედა კონსერვაციამ ძეგლზე. და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოს კვლავ იმეორებენ — იმეორებენ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. 

ჯვრის ტაძრის რესტავრატორების ჯგუფი ქართველი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებსაც კონსულტაციას ცნობილი იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა  უწევს. იტალიელ რესტავრატორს არაერთი ბრწყინვალე სამუშაო აქვს შესრულებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის კუთხით.   ვოლტას ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი — ეს სომხეთში კობაირის მონასტრის უნიკალური ფრესკების შენარჩუნებაა. 

© Sputnik / Levan Avlabreliხედი ჯვრის მონასტრიდან.
ხედი ჯვრის მონასტრიდან. - Sputnik საქართველო
ხედი ჯვრის მონასტრიდან.

ჯვრის მონასტერი — საქართველოს ბრენდი  

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით, გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. 545-586 წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა, ხოლო მისმა ძემ, ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ძმების, დემეტრესა და ადარნასეს და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით, მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს.  იმ ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი ეკლესიაში.

თქმულების მიხედვით, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა კლდის მაღალ მთაზე, ერთი უცნაური ხე მდგარა, რომელიც საოცარ სურნელს გამოსცემდა. ამ ხეს ხალხი სასწაულთმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა, მაშინვე განიკურნებოდა.

მირიან მეფის ძე რევის, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და ერის თანხლებით, სასწაულთმოქმედი ხე მოუჭრევინებია და მცხეთაში წაუბრძანებია, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთით აღუმართავთ. მერე ამ ხისგან სამი ჯვარი გამოუთლიათ და ასე გადაუნაწილებიათ: ერთი — მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, სწორედ იქ, სადაც ახლა ქვის კვარცხლბეკი დგას, მეორე — თხოთის მთაზე და მესამე — უჯარმაში.

© Sputnik / Levan Avlabreliჯვრის მონასტერში დაზიანებული კედლების კონსერვაცია სრულდება
ჯვრის მონასტერში დაზიანებული კედლების კონსერვაცია სრულდება - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტერში დაზიანებული კედლების კონსერვაცია სრულდება

მოსე ჯანაშვილს, ქართველ ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მოკლედ და საინტერესოდ აქვს აღწერილი ჯვრის მონასტრის აგების პროცესი.  

„კლდე-გორას, რომელზედაც აღმართულია ჯვრის მონასტერი, ერქვა ბორცვი. 324 წელს წმ. ნინო, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მცხეთის ერი გამოემართნენ ამ ბორცვისკენ. მოჰქონდათ მცხეთიდამ სასწაულთმოქმედის ხისაგან გაკეთებული ჯვარი, მღვდლები წინ უძღოდნენ, გალობდნენ. მოვიდნენ, ბორცვის წინ დადგნენ ღამის თევად. აქვე ბორცვის კლდეში იყო მწარე წყარო. ნინოს ლოცვით წყარო გემრიელად იქცა და მას აქეთ დაერქვა ცრემლისწყარო. მეორე დღეს ავიდნენ ბორცვის თავზე და აღმართეს ჯვარი. ყველანი დაჩოქილ-ხელაპყრობილნი ევედრებოდნენ ღმერთს. ზე-მაღლა გამოჩნდა გუნდი ანგელოზებისა, მაკურთხეველნი ერისა. ჯვრის ძალით უძლურნი, მკელობელნი, ბრმანი იკურნებოდნენ, მკვდრად მისუსტებულნი ცოცხლდებოდნენ. მცხეთის ჯვრის ძლიერების ამბავი სწრაფად მოედო საქართველოს, კავკასიას, სომხეთს და ყოვლის მხრიდან მოდიოდნენ დედაქალაქში ამ ჯვრის თაყვანის საცემლად. ასე იყო 579 წლამდე… გადმოცემით, ჯვრის მონასტრიდამ სვეტიცხოვლის გუმბათამდე გადაჭიმულიყო წვრილი ჯაჭვი და წმიდა ბერები მით გადადიოდ-გადმოდიოდნენ“. 

© Sputnik / Levan Avlabreliჯვრის მონასტრის სარესტავრაციო სამუშოები
ჯვრის მონასტრის სარესტავრაციო სამუშოები - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტრის სარესტავრაციო სამუშოები

ჯვრის ტაძარი — ეს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოებია, რომელმაც განვითარების მთელ საფეხურს ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ამადაც შეიტანეს ჯვრის მონასტერი 1994 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სამწუხაროა, რომ მონასტრის მნახველთა შორის მრავლად ყოფილან ადამიანები, რომელთაც საკუთარი „ავტოგრაფები“ დაუტოვებიათ მის კედლებზე — დაწყებული საბჭოეთის დროიდან, გასრულებული დღევანდელი დღით. რესტავრატორები ამბობენ, რომ ამ ბარბაროსული ნაკვალევის წაშლა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის კედლებიდან რთულიცაა და დიდ დროსაც მოითხოვს. თუმცა უნდა დაიწყოს კი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0