დაპატიმრება იარაღის უკანონო ტარების გამო, ანუ კალაძის შურისძიება

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას თბილისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე დარწმუნებულია, რომ ამაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა დამნაშავე.

თბილისი, 6 სექტემბერი– Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულ 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილს, 26 წლის გიორგი ყანჩაველს და 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

მათი დაკავების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 სექტემბერს იუწყებოდა. გამოძიების ვერსიით, ყანჩაველს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. ნიშნიანიძის ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა, ფეიქრიშვილის სახლში კი პოლიციამ აღმოაჩინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება.

„ფეიქრიშვილისა და ყანჩაველის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა დასრულდა და ორივეს პატიმრობა შეეფარდათ. შუამდგომლობები ცალ-ცალკე განიხილებოდა. ნოდარ ნიშნიანიძესაც აღკვეთის ზომად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა“,- ციტირებს სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომლის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" .

პოლიცია - Sputnik საქართველო
იარაღი და ნარკოტიკი — პოლიციამ სამი პირი დააკავა

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ჩატარებული სასამართლო მოსმენები, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან დილიდან ახლობლები შეიკრიბნენ და ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების სახედ არ შეერჩიათ პატიმრობა.

უფრო მეტიც — ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ მისი ქმრის დაპატიმრებაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა დაინტერესებული.

ჩინჩალაძის სიტყვებით, კალაძეს ფეიქრიშვილის დაპატიმრება სურდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან მეგობრობის გამო.

ჩინჩალაძე ასევე აცხადებს, რომ კალაძესა და მის მეუღლეს შორის შუამავალი იყო ვიცე-პრემიერის მეუღლის ანუკი არეშიძის ნახევარძმა, ვინმე რატი.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩინჩალაძის სიტყვებით, ფეიქრიშვილს დაურეკა უცნობმა პირმა და სთხოვა ღამის 12 საათამდე დაეტოვებინა ქვეყანა, მან უარი უთხრა, რის მერეც ის დააპატიმრეს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
პროკურატურა კახა კალაძის დაკითხვას არ აპირებს

დაკავებულთა ოჯახის წევრები პოლიციას იმაში ადანაშაულებენ, რომ ბრალდებულებს იარაღი შემოუგდეს. მათ ასევე ვიდეოკადრები გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ მათ სახლს სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ და ეს თვალთვალი ერთი წელი გრძელდებოდა.

თავისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე კახა კალაძეს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის თანახმად 2014 წლის 14 იანვარს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ნიშნიანიძე მსჯავრდებული იყო. თავის მხრივ, ნიშნიანიძის მეუღლე აცხადებს, რომ ამ დროს ისინი თბილისის ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ.

შემდეგ სხდომაზე ნიშნიანიძის ადვოკატი სასამართლოსთვის თავისი დაცვის ქვეს მყოფის საპასპორტო მონაცემების ჩვენებას აპირებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ის იმ დროს გერმანიაში არ იმყოფებოდა.

კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
უცნობმა პირმა თბილისის ცენტრში „კალაშნიკოვიდან“ ცეცხლი გახსნა

თავის ბრალეულობას დაკავებულებიც არ აღიარებენ, რომელთა იურისტებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ყანჩაველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, დამზადება, გადატანა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც თავისუფლების აღკვეთის ხუთიდან რვა წლამდე ვადით ისჯება.

ნოდარ ნიშნიანიძისა და გიორგი ფეიქრიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0