რობერტ დე ნირო: საკუთარ ფილმებზე, როგორც წესი, მეძინება

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

გუშინ ხომ გაგაკვირვეთ „ავატართან“ დაკავშირებით ჩემი ზომითა და ცისფერი შეფერილობით (კუდზე რომ აღარაფერი ვთქვა)… დღეს კი დაგხვდებით როგორც ეთიოპიის მეფე ამონასროს ქალიშვილი აიდა, ანუ ძალიან შოკოლადისფერი, რადგან გუშინ მთელი დღე აივანზე ვშავდებოდი.

მიჭირდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, რადგან ჩვენი აივნის დღევანდელ სტუმარს არ უყვარს „ბარბივით“ თეთრი, ქერა და ლოყებღაჟღაჟა მანდილოსნები. პირიქით, აფროამერიკელები ხიბლავს, რადგან თვლის, რომ მათ განსაკუთრებული გრაცია ახასიათებთ.

მე კი მის გამო იმდენ ვინმეს „ვუღალატე“… კერძოდ, სამ მამაკაცს — ცნობილ მათემატიკოს პიერ ფერმას, რომლის სახელგანთქმული თეორემის ამოხსნას მთელი პირველი კურსი მივუძღვენი; მუსლიმ მაგომაევს, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული იყო (3 წლის ასაკიდან) და იმდენად შევაწუხე ჩემიანები, რომ მამამ მის გასაცნობად სასტუმრო „თბილისში“ წამიყვანა, სადაც მუსლიმი იყო გაჩერებული თბილისში გასტროლებისას; შეუდარებელ შონ პენს, რომელსაც მადონა დღემდე მისტირის, მე კი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მსახიობად მიმაჩნია და ძალიან ვაფასებ. სამივე მათგანი დღეს არის დაბადებული, მაგრამ…

ხომ გაგიგიათ, „მჯობნის მჯობნი არა დაილევაო“, და ბოლოს მაინც შევჩერდი მეოთხე კანდიდატურაზე და სხვა ყველაფერთან ერთად იმის გამოც, რომ მან შეკითხვაზე, ვის თვლით საუკეთესო პარტნიორად მთელი თქვენი ბრწყინვალე კინოკარიერის განმავლობაშიო, დაუფიქრებლად და ცალსახად უპასუხა: „რა თქმა უნდა, მერილ სტრიპს, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია“. ამ პასუხით მან ჩემ თვალში მოუგო თავის ჰოლივუდელ კოლეგასაც, რუს-აზერბაიჯანელ ბარიტონსაც და ფრანგ მათემატიკოსსაც…

ასე რომ, დღეს ვმასპინძლობთ იტალიური წარმოშობის ჰოლივუდის ვარსკვლავს, საოცრად მომხიბვლელ, ინტელექტუალურ და ყველასთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს რობერტ დე ნიროს, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა გამხდარიყო… კარდიოქირურგი, ფორმალურად, მართალია. ვერ გახდა, მაგრამ ჩვენს გულებს, დამეთანხმებით, უამრავჯერ მიწვდომია და აუჩქარებია კიდეც, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1943 წლის 17 აგვისტოს.

რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე
რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე - Sputnik საქართველო
რობერტ დე ნირო და მარტინ სკორსეზე
 

რობერტ დე ნირო იზრდებოდა ნიუ-იორკის გრინვიჩ-ვილიჯის რაიონში, რომელსაც „პატარა იტალიას“ ეძახდნენ. რობერტის მეტსახელი იყო „ბობი-რძე“, რადგან ის ძალიან ფერმკრთალი ყოფილა. საინტერესოა, რომ მისგან რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობდა მომავალში მისი დიდი მეგობარი, ცნობილი რეჟისორი მარტინ სკორსეზე, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ მანამ, სანამ ბედმა ერთ გადასაღებ მოედანზე არ შეახვედრა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ დე ნირომ სკორსეზე სიკვდილს გადაარჩინა. რეჟისორს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, დე ნირო კი მას პატრონობდა და ყველანაირი გზით ცდილობდა ამ დამოკიდებულებისგან მის გათავისუფლებას. 1978 წელს მან ფაქტიურად აიძულა გადაეღო ფილმი მოკრივეზე და ძლივს დაითანხმა. ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ფილმზე „ცოფიანი ხარი“, რომლის შემდეგ სკორსეზე ფორმაში ჩადგა და დაუბრუნდა დიდ კინემატოგრაფს, ხოლო დე ნირომ მთავარი როლის შესრულებისთვის თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო. რა კარგი იქნებოდა, კეთილი საქმეები მუდამ ასე რომ ფასდებოდეს…

საერთოდ, დე ნირო გამოირჩევა მეგობრობის განსაკუთრებული ნიჭით. ის სათუთად უფრთხილდება მისთვის ძვირფას ადამიანებთან დამოკიდებულებას და ბევრის პატიება შეუძლია. წლების განმავლობაში მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ალ პაჩინო, რაც ჩემთვის ასევე ბევრს ნიშნავს, და, რა თქმა უნდა, ორივეს სასარგებლოდ.

ცხადია, ყველას აინტერესებს დე ნიროს პირადი ცხოვრება… ჩვენ აივანზეც მანდილოსნებს შორის საკმაოდ შესამჩნევ გამოცოცხლებას ვატყობ. სხვანაირად არც შეიძლება – ძალიან ძნელია გაუძლო რობერტ დე ნიროს სხვანაირად მიმზიდველ მზერას, რომელიც თავშეკავებულ, თავდაჭერილ და დელიკატურ მანერებთან ერთად ისეთ სიმბიოზს ქმნის, რის გამოც ხდებიან ქალები პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, მეუღლეობაზე და დიასახლისობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

რობერტ დე ნიროს ოფიციალურად ორი მეუღლე ჰყავდა და ორივე აფროამერიკელი. პირველი — კინომსახიობი დაიენ ებოტი, ხოლო მეორე — ყოფილი სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერი. პირველსა და მეორე მეუღლეს შუა ის ხვდებოდა ასევე აფროამერიკელ მოდელს ტუკი სმიტს, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა. მეორე მეუღლეს დე ნირო კინაღამ გაშორდა ისევ აფროამერიკელი მანდილოსნის გამო. დე ნირომ ისიც კი მოახერხა, რომ თავად მაიკ ტაისონს მოსტაცა საოცრად მომხიბვლელი ნაომი კემპბელი, ვისთანაც ერთწლიანი რომანი ჰქონდა, მაგრამ მერე გაექცა, რადგან მის ემოციებს ვეღარ გაუძლო. პარალელურად კი დე ნირო წლების განმავლობაში პლატონურად იყო შეყვარებული როგორც ადრე უკვე გითხარით, უიტნი ჰიუსტონზე…

© intermedia.geრობერტ დე ნირო და ია ფარულავა
რობერტ დე ნირო და ია ფარულავა - Sputnik საქართველო
რობერტ დე ნირო და ია ფარულავა

სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს, რომ რობერტ დე ნირო მოხიბლული დარჩა ჩვენი ულამაზესი ია ფარულავათი და მასთან სურათიც აქვს გადაღებული. ასე რომ, შეგვიძლია მსოფლიო საზოგადოებას თავისუფლად ვაცნობოთ, რომ დე ნიროს ევროპელი ქალბატონებიც ხიბლავენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქართველები არიან და თანაც ძალიან ლამაზები და ეშხიანები…

დე ნიროს ჰყავს ხუთი შვილი, ის კვლავ მეორე მეუღლესთან გრეისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას გვერდში ამოუდგა ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც დე ნიროს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მათ ამ სენის ერთად გადალახვა და ოჯახის შენარჩუნება შეძლეს. თავის შარშანდელ ინტერვიუში დე ნირომ ამაყად განაცხადა, რომ 24 წელი ცხოვრობს ერთსა და იმავე ქალთან, ჰპირდება მას, რომ ხატვას ისწავლის, მაგრამ ჯერჯერობით ხატავს მხოლოდ იმას, რასაც შვილები სთხოვენ – მანქანებს, კვამლიან სახლებს, მოღრეცილ, ზოგჯერ უკუდო ცხენებსა და ნიანგს… დე ნიროს ძალიან უყვარს ნიუ-იორკი, უყვარს საკუთარი მყუდრო სახლი და, მისი თქმით, მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, ფეხზე გახდა და შესვლა ოთახში, სადაც მისი საყვარელი მანეს პატარა ნახატი აქვს დაკიდებული. 

დე ნირო ხშირად დადის მუზეუმებში და თვლის, რომ იქ ნამდვილი საოცრებები ხდება. დაკავებულია სერიოზული გასტრონომიული ბიზნესით – იაპონელ შეფ-მზარეულ ნობუ მაცუხისასთან ერთად ჩინური რესტორნების ქსელის NOBU-ს თანამფლობელია. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დე ნირო გახდა კინოფესტივალი „ტრაიბეკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტერორისტული აქტის შემდეგ დაზარალებული ქვედა მანჰეტენის აღდგენის სამუშაოებში. 

საერთოდ, როდესაც ძალიან მიყვარს მსახიობი, განსაკუთრებით ვოცნებობ ხოლმე იმაზე, რომ მასთან ერთად ვნახო რომელიმე მისი ჩემთვის ყველაზე, ყველაზე საყვარელი როლი. აი, დე ნიროს შემთხვევაში მას ნამდვილად დავღლიდი, რადგან ასეთი ფილმი ძალიან ბევრია

რომელი ერთი დავასახელო — „ნათლიმამა II”, რომელშიც ის ახალგაზრდა დონ ვიტო კორლეონეს ასახიერებს და ამ როლისთვის მიღებული აქვს თავისი მეორე „ოსკარი“, თანაც პირველად ისტორიაში საპატიო ქანდაკება გადაეცა მსახიობს, რომელიც ფილმში საუბრობს არაინგლისურ (იტალიურ) ენაზე; „ერთხელ ამერიკაში“, რომელიც არც მახსოვს რამდენჯერ მაქვს ნანახი; „ტაქსის მძღოლი“ თუ „ნადირობა ირმებზე“; „კაზინო“ თუ…

გადავწყვიტე, რომ მაინც „შეყვარებულები“ შევარჩიო — ჯადოსნური საშობაო ზღაპარი ნიუ-იორკის ცენტრში ორ შემთხვევით შეხვედრილ ადამიანზე, რომლებსაც რობერტ დე ნირო და მერილ სტრიპი ასახიერებენ. 

თანაც, ნამდვილად ვიცი, ფილმის დასასრულს დე ნირო შემომიტრიალდება და იმის ნიშნად, რომ მოიწონა ჩემი არჩევანი, ოდნავი ღიმილით წარმოთქვამს თავის ცნობილ ფრაზას: „ტალანტი — ეს არის პირველ რიგში სწორი არჩევანის გაკეთება“… 

თუ ოცნებაა, ოცნება იყოს…

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და ოცნებიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0