ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი – ჩემი ქმარი იყო...

© FB/ Whitney Houstonუიტნი ჰიუსტონი
უიტნი ჰიუსტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მოკრძალებული თხოვნით მინდა მოგმართოთ — მობრძანდით ჩვენ აივანზე აუცილებლად შეყვარებულ მდგომარეობაში… ვინც ისედაც არის, ხომ მთლად კარგი. ვინც არის, მაგრამ დაავიწყდა რაღაცა პრობლემებისა და ყოფითი ყოველდღიურობის გამო, სასწრაფოდ გაიხსენეთ. ხოლო ვისაც ეს საოცარი გრძნობა ჯერ არ განუცდია, უბრალოდ წარმოიდგინეთ. მაგაში კი დაგეხმარებით – მოადუნეთ კიდურები, აიჩქარეთ გულისცემა, დაახლოებით 180 დარტყმამდე წამში, შეწითლდით ყვრიმალებზე, გამოისხით ფრთები, მიიღეთ ცოტა „არააქაური“ სახის გამომეტყველება და… ამოფრინდით!

აქ კი დაგხვდებათ სიყვარულზე დაწერილი, ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი და უწრფელესი სიმღერა I Will always love you კინოფილმიდან „პირადი მცველი“, რომელსაც ასრულებს შეუდარებელი უიტნი ჰიუსტონი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1963 წლის 9 აგვისტოს. სამწუხაროდ, მან თავისი 50 წლის იუბილეს გადახდაც კი ვერ მოასწრო…

დღეს უიტნის საპატივსაცემოდ გაგასინჯებთ მის საყვარელ კოქტეილს (სხვათა შორის, ამ საკითხში მისი და ცნობილი აგენტი 007-ის ჯეიმს ბონდის გემოვნება ემთხვევა) – „ვოდკატინის“, რომელიც „ვოდკისგან“, როგორც უცხოელები რუსულ არაყს უწოდებენ (75 მლ), მშრალი ვერმუტისგან (25 მლ), 6 ნაჭერი ყინულისგან, 1 ზეთისხილისა და ლიმონის ცედრისგან მზადდება. მთავარი კი ისაა, რომ ეს სასმელი მარტინისთვის განკუთვნილ ჭიქაში უნდა ჩაასხათ, თორემ პეწი ეკარგება. თანაც არ დაგავიწყდეთ ამერიკელების ერთი ცნობილი, ცოტა უხეში ფრაზა: „მარტინი მანდილოსნის მკერდს ჰგავს, ერთი — არასაკმარისია, სამი კი — უკვე ზედმეტი…

უიტნი ჰიუსტონი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად
უიტნი ჰიუსტონი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
უიტნი ჰიუსტონი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

უიტნი ჰიუსტონმა ბავშვობიდან იცოდა, რომ მომღერალი გახდებოდა. მისი დედა ვოკალური ანსამბლის სოლისტი იყო და პატარა უიტნიც სცენას ბავშვობიდან შეეჩვია, თუმცა მომღერლის კარიერა მან საეკლესიო გუნდში დაიწყო. სწორედ აქ შედგა მისი პირველი სოლო გამოსვლა…  

პირველი წინადადებები გრამფირფიტების ჩაწერასთან დაკავშირებით უიტნიმ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მიიღო, მაგრამ დედამისმა ჩათვალა, რომ მის ქალიშვილს ჯერ საშუალო განათლება უნდა დაესრულებინა და ამიტომაც უიტნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბარის ესტრადაზე პირველად მხოლოდ 15 წლის ასაკში გამოვიდა, თანაც, დედასთან ერთად, როგორც ბექ-ვოკალის შემსრულებელი. სწორედ აქ შეამჩნია ის ამერიკის ერთ-ერთი ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენელმა და დაიწყო მისი სერიოზული აღმასვლა აშშ-ის ჰიტ-პარადების ოლიმპზე.

ბევრმა არ იცის, რომ ვოკალური წარმატებების პარალელურად უიტნიმ 1980-იან წლებში სამოდელო ბიზნესშიც ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის გახდა პირველი აფროამერიკელი მოდელი, რომლის ფოტოები ცნობილი გამოცემების Glamour-ისა და Cosmopolitan-ის გარეკანზე დაიბეჭდა. სხვათა შორის, მოდელად მუშაობის პერიოდში უიტნი უარს ამბობდა იმ ფირმებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სადაც იმ დროს აპარტეიდი მეფობდა.

უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომი 1985 წელს გამოვიდა და მას „წლის აღმოჩენა“ შეარქვეს. უკვე 1987-1988 წლებში ჰიუსტონის ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში, გაიყიდა 20 მილიონი ეგზემპლარი (შავ ბაზარზე არაოფიციალური ჩანაწერების ჩათვლით) და 1988 წელს, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ჰიუსტონი ყველაზე ძვირადღირებულ მომღერალთა ტოპ-ოცეულში შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ჰიუსტონმა შექმნა ბავშვთა დახმარების ფონდი, რომელიც ეხმარებოდა უსახლკარო და შიდსით დაავადებულ ბავშვებს. ყოველი კონცერტის შემდეგ მომღერალი თავის ფონდში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. ქველმოქმედება უიტნის ფორმალური მხარე კი არა, ცხოვრების ნაწილი იყო.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ჰიუსტონი 2009 წლისთვის ითვლებოდა ყველა დროის მომღერალ ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვან მომღერლად, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ჯილდოები ჰქონდა მიღებული (The Most Awarded Female Artist of All Time). აშშ-ის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის ვერსიით, ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული შემსრულებლების სიაში მე-4 ადგილს იკავებდა. 1991 წელს ჟურნალმა People უიტნი ჰიუსტონი შეიყვანა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის (ქალებიც შედიან და მამაკაცებიც) სიაში. 

უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში "პირადი მცველი"
უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში პირადი მცველი - Sputnik საქართველო
უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში "პირადი მცველი"

1992 წელს კი, როგორც მთელი მისი ლამაზი ცხოვრების და შემოქმედების აპოთეოზი, ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პირადი მცველი“, სადაც ჰიუსტონს პარტნიორობა გაუწია საოცარმა კევინ კოსტნერმა. სხვათა შორის, მხოლოდ გუშინ  გავიგე, რომ ეს სცენარი თავდაპირველად 1976 წელს იყო დაწერილი სტივენ მაკქუინისა და დაიანა როსისთვის, მაგრამ მაკქუინმა უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე. შემდეგ მცველის როლი შესთავაზეს რაიან ო’ნილს, მაგრამ მას საკმაოდ რთული ურთიერთობები ჰქონდა დაიანასთან და ბოლოს შეჩერდნენ კევინ კოსტნერზე. ხოლო მისი დაცვის ობიექტის რეიჩელის როლზე უამრავმა ცნობილმა მომღერალმა გამოთქვა პრეტენზია, მათ შორის, მადონამ და ჯანეტ ჯექსონმაც. როლი კი ერგო უიტნის, რომლისთვისაც ეს კინოში დებიუტი იყო.

ძალიან მიყვარს… არა, ვგიჟდები იმ სცენაზე, როცა უიტნი თვითმფრინავიდან გამორბის კევინთან… რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სულ ვტირი… თანაც ჰიუსტონის სიმღერის ფონზე… მე ვფიქრობ, ნებისმიერი ქალი იმსახურებს ერთ ასეთ გამოქცევას ცხოვრებაში… 

ჰიუსტონს კი ცხოვრებაში „მთავარი გამოქცევა“ ჰქონდა მისი მეუღლის, მუსიკოს ბობი ბრაუნის მიმართულებით… ბევრი თვლის, რომ ბობი მისი ღირსი არ იყო, მით უმეტეს, რომ ჰიუსტონის თაყვანისმცემელთა რიგში ძალიან ბევრი ღირსეული მამაკაცი იყო, მათ შორის, ედი მერფი და რობერტ დე ნირო, რომელიც მართლა იყო მასში შეყვარებული და საქვეყნოდ აცხადებდა, რომ „უიტნი ყველაზე სექსუალური ქალია ყველა იმ ქალს შორის, ვინც კი მას შეხვედრია და უნახავს და რომ ის უმშვენიერესია“… მაგრამ უიტნიმ ყველას არჩია ბობი, რომელთანაც საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა. ამბობენ, რომ სწორედ მან შეაჩვია უიტნი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რის გამოც ის მძიმედ დაავადდა. 

არ ვიცი, ეს, ალბათ, არავის გასარჩევი არ არის… ერთი კი ფაქტია – უიტნის ის ბოლო წუთამდე უყვარდა. გუშინ წავიკითხე მისი ინტერვიუ ცნობილ ჟურნალისტ ოპრა უინფრისთან, რომელიც ამბობდა, რომ ჰიუსტონთან ინტერვიუ მის კარიერაში ყველაზე წარმატებული ინტერვიუ იყო, და ყურადღება მივაქციე იმას, რომ უიტნი ყველა შეკითხვაზე პასუხის დროს სულ უბრუნდებოდა თავის უკვე ყოფილ ქმარს ბობის.

არც გამკვირვებია… უიტნი ვერასდროს ასე ღრმად და ასე გულშიჩამწვდომად ვერ შეასრულებდა თავის სიმღერას I Will always love you, ასე რომ არ ჰყვარებოდა და ეს სიყვარული ასე მტკივნეულად რომ არ გაეტარებინა გულში…

გისურვებთ ბედიერ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0