გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი საქართველოში- სკანდალის ახალი დეტალები

გამოწერა
თავდაცვის მინისტრი სიტყვას იძლევა, რომ პროკურატურა საზოგადოებისათვის ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხს გასცემს.

თბილისი, 3 აგვისტო– Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია დაინტერესდა გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტზე ტრისტან წითელაშვილის შესაძლო უკანონო შესვლის შესახებ საქმის დეტალებით.

კვირის დასაწყისში საქართველოში  გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის განცხადების გამო სკანდალი აგორდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შპიონაჟისთვის გასამართლებული ტრისტან წითელაშვილი უკანონოდ შევიდა გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზაზე და მისი ტერიტორიის ობიექტები გადაიღო. პროკურატურამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული“, — მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა ლევან იზორიამ.

დაცვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ჯაშუშებისგან 25 ობიექტს განსაკუთრებულად იცავენ

წითელაშვილი ქართულ პოლიტიკაში სკანდალური ფიგურაა და რუსეთისადმი სიმპათიებით არის ცნობილი. ის აფხაზეთში (1992-1993 წლებში) ბატალიონ „ავაზას“ მეთაურობდა. 2008 წლის აგვისტოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წითელაშვილი პოლიტპატიმრად აღიარეს და გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც აღადგინეს.

თავად წითელაშვილი ბრალდებებს ჯაშუშობასა და ბაზის მონაცემების გამჟღავნების შესახებ უარყოფს. მისი განმარტებით, ის სამხედრო ბაზაზე საინჟინრო ტექნიკის არსებობას ამოწმებდა, რომელიც თითქოს კალანდაძემ მოიპარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0