თბილისის ბოტანიკური ბაღი: თამარის ხიდი, ბილობილი, როკ-კლუბი და სინათლე გვირაბის ბოლოს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „გასეირნება ტფილისში“ ბოტანიკურ ბაღზე, დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე გიამბობთ.

ეკატერინე მიქარიძე

ოჰ, ეს ტფილისური ვიწრო და ციცაბო მიხვეულ–მოხვეული ქუჩები! ზაფხულის პაპანაქებაში მათი დაძლევა მთლად სახუმარო საქმე ვერ არის, მაგრამ თუ ყურადღებას მანძილის დაძლევიდან ირგვლივ გადაშლილ პეიზაჟებზე გადაიტანთ, სიამოვნება გარანტირებული გაქვთ.

პატარა, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი აჟურულაივნებიანი, ერთმანეთზე აკოკოლავებულსახლებიანი ქუჩა სათავეს ქალაქის გულიდან — მაიდნიდან იღებს. ქუჩა ბოტანიკური ბაღის სახელს ატარებს და პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს — მეჩეთამდე და მეჩეთის ზემოთ. თუ მუსლიმურ სალოცავამდე მიაღწიეთ, ესე იგი, მიზანთან ახლოს ხართ. აქედან ბოტანიკური ბაღი ხელის ერთ გაწვდენაზეა.

და, აჰა, ესეც თავად ბაღის თუჯის ჭიშკარი. იქვე ულამაზესი ყვავილნარიდან ციყვის სასაცილო სკულპტურას ამოუყვია თავი, რომელიც გემრიელად აკნატუნებს კაკალს. ცოტა მოშორებით კი კერამიკულ თევზს დაუდია ბინა.

© Sputnik/Levan Avlabreliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ბოტანიკური ბაღი

მონარქთა ნაკვალევზე

დილა ბოტანიკურ ბაღში — საოცარი სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, სიოთი შეშფოთებული ფოთლების შრიალი და ნაკადულების მოღუღუნე ჟღურტული არღვევს… მიდი, ისეირნე და ღრმად ისუნთქე უთვალავი ყვავილის სურნელი.

ყვავილები კი აქ მართლაც უამრავია, იმაზე განუზომლად მეტი, ვიდრე ეს 400 წლის წინ იყო. ამ სანახებში სეირნობა, ალბათ, მაშინაც სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ საკითხავი ისაა, ყველას ჰქონდა კი ამის უფლება?

ოთხი ასწლეულის წინ ამ ტერიტორიაზე სამი ბაღი იყო გადაშლილი, სამივე სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა და ასეც ერქვა — მეფის ბაღები.

მაშინ ამ ბილიკებზე ალბათ მხოლოდ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი მონარქები და დიდთავადები დასეირნობდნენ ამაყად წელში გამართულები, მძიმე ნაჭრის შარიშურითა და საქამრეში დამაგრებული ხმლების წკარუნით. უგვაროებს, სავარაუდოდ, ბაღში ფეხის შედგმა და იქაური სილამაზის ნახვა ეკრძალებოდათ.

ამ იდილიამ 1795 წლის ხანძრამდე გასტანა, სანამ აღა–მაჰმად ხანმა ტფილისი არ გადაწვა და, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სამეფო ბაღებიც არ ჩაიფერფლა.

© Sputnik, Levan Avlabreliთამარის ხიდი ბოტანიკურ ბაღში
თამარის ხიდი ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
თამარის ხიდი ბოტანიკურ ბაღში

მერე, როცა საქართველომ რუსეთთან ტრაქტატი გააფორმა და მის შემადგენლობაში შევიდა, სამეფო ბაღი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და მას არც თუ ლამაზი სახელი „სახელმწიფო სახაზინო ბაღი“ ეწოდა.

1809 წელს ბაღი ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურული მრეწველობის ხელშემწყობ საზოგადოებას გადაეცა. იქ სააფთიაქო ბაღის გაშენებას გეგმავდნენ, სამკურნალო მცენარეების გახარება ჰქონდათ გადაწყვეტილი.

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით ბაღს „ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა და მას 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანელი სწავლულები მართავდნენ. ამბობენ, რომ ეს პერიოდი ბაღისთვის ოქროს ხანა იყო.

1861 წელს ბოტანიკური ბაღის მმართველად მეცნიერი და მებაღე–დეკორატორი შარერი დანიშნეს, რომელმაც აქ 28 წელი იმუშავა და ბევრი სიკეთე მოუტანა მას.

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
თბილისის ფუნიკულიორის ტრაგიკულად შეწყვეტილი სიცოცხლე და შიმკევიჩის აღდგენილი პროექტი

სხვათა შორის, ბოტანიკურ ბაღში შემორჩენილია შარერისდროინდელი ფრანგული ორანჟერეა. ფრანგული იმიტომ, რომ ყველა მასალა საფრანგეთიდან იყო ჩამოტანილი. ახლა იქ ყვავილებს აღარ ზრდიან, მაგრამ ამ მყარი კონსტრუქციის ნაგებობას სუფთად კი ინახავენ.

შარერის შემდეგ ბოტანიკური ბაღის მმართველის თანამდებობა ჰინცენბერგმა გადაიბარა. თუმცა ბაღის ისტორიაში საუკეთესო ხელმძღვანელად მაინც გერმანელი მეცნიერი ადოლფ როლოფი მიიჩნევა. სწორედ მან დააარსა სამეცნიერო განყოფილებები, ლაბორატორიები, საცდელი სადგურები. მისივე ინიციატივით დაფუძნდა პერიოდული გამოცემებიც.

გადიოდა დრო. ბაღის შემოსავალი იზრდებოდა და ახლომახლო მდებარე მიწების შესყიდვაც ხდებოდა შესაძლებელი. ბაღში გაიხსნა მუზეუმი დენდროლოგ იაკობ მედვედევის ხელმძღვანელობით, გამოსცეს ბაღის გრუნტის მცენარეების პირველი კატალოგი…

© FL/ liz westურთხელი, რომელსაც მეორე სახელი „უთხოვარი“ თამარ მეფის დროს შეერქვა
ურთხელი, რომელსაც მეორე სახელი „უთხოვარი“ თამარ მეფის დროს შეერქვა - Sputnik საქართველო
ურთხელი, რომელსაც მეორე სახელი „უთხოვარი“ თამარ მეფის დროს შეერქვა

ბოტანიკურის ლეგენდები

ბაღის შესასვლელთან ვეებერთელა სტენდია დამაგრებული, რომელზეც ბაღის რუკა, სქემები, განყოფილებებისა და ორანჟერეების ილუსტრაციებია გამოსახული.

ბოტანიკური ბაღი წავკისისწყლის ხეობაშია გაშენებული. მდინარე ბაღში გაედინება და მას ორად ჰყოფს — მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად, რომლებიც ერთმანეთთან სამი ხიდითაა დაკავშირებული. მათგან ყველაზე ძველი თამარ მეფის დროსაა აგებული და მის საპატივსაცემოდ ასეც ჰქვია — თამარის ხიდი.

აქვეა ცნობილი ჩანჩქერიც — პირდაპირ ბაღის შუაგულში.

დამთვალიერებელს ბაღში სეირნობისას ნავიგატორითაც შეუძლია ისარგებლოს და ექსკურსიამძღოლის მომსახურებითაც, რომელიც წითელ წიგნში შეტანილ უიშვიათეს მცენარეთა წარმომავლობა–თვისებებზე საუბარს ოსტატურად „შეკმაზავს“ მათთან დაკავშირებული ლეგენდებით.

დავით სარაჯიშვილის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
დავით სარაჯიშვილი — კამიუს კონიაკის საიდუმლოს მფლობელი და სამჯერ დაკრძალული პატრიოტი

აი, მაგალითად, ურთხელი, იგივე უთხოვარი, რომელსაც ლათინურად Taxus baccata ჰქვია, ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც სხვა წიწვოვანი ხეები იღუპება, ნელა იზრდება და ხელსაყრელ პირობებში 4 000 წელიც შეუძლია იცოცხლოს.

— ერთხელ, თურმე, თამარ მეფესთან გლეხები მისულან და უთხოვიათ, ნება მოგვეცი, ტყეში რამდენიმე ურთხელი მოვჭრათო, — გვიამბობს ბოტანიკური ბაღის გიდი ნინო ლორია. — მეფეს უარი უთქვამს, სხვა რომელი ხეც გინდათ, ის მოჭერით, ურთხელს კი ხელი არ ახლოთო. ის დღე იყო და ის, ურთხელს უთხოვარის სახელი დამკვიდრებია.

იქვე ახლოს ეკზოტიკური გინგკო ბილობა ხარობს. ეს აზიური მცენარე უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ცარცული და იურიული პერიოდიდან მოდის. საოცრად გამძლე და დღეგრძელი ყოფილა და სწორედ მისგან მზადდება პრეპარატი „ბილობილი“. 

CC BY 2.0 / Rafael Robles / Ginkgo Bilobaეკზოტიკური გინკგო ბილობა
ეკზოტიკური გინკგო ბილობა - Sputnik საქართველო
ეკზოტიკური გინკგო ბილობა

ამბობენ, რომ ჰიროსიმაში ბირთვული აფეთქების შემდეგ მცენარეებიდან მხოლოდ გინგკო გადაჩენილა.

აი, კიდევ ერთი „ლეგენდარული“ მცენარე — არღავანი, იგივე იუდის ხე. ერთნი ამბობენ, არღავანს მეორე სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ სწორედ მასზე ჩამოიხრჩო თავი ქრისტეს გამყიდველმა იუდამო, მეორენი ამტკიცებენ, ამ ხის ვარდისფერი ყვავილები მწერებს წამლავსო, მესამენი ირწმუნებიან, ეს ცბიერი და მუხანათი მცენარეა, იმიტომ რომ ყვავილები ფოთლებზე ადრე გამოაქვსო, მეოთხენი კი მის წარმოშობაზე აკეთებენ აქცენტს — იუდის ხე იმიტომ ეწოდა, რომ იუდეაში „დაიბადაო“.

თუმცა, ერთ–ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იუდას ხე არღავანი კი არა, ვერხვია, იმიტომ რომ მისი ფოთლები უსუსტესი ნიავის შემოქროლებაზეც კი ისე თრთიან, როგორც დამფრთხალ–შეშინებული იუდა.

ობსერვატორიის შენობა - Sputnik საქართველო
ძველტფილისური ნაგებობები რაღაცით ადამიანებს ჰგვანან

საზღვრები და პრობლემები

ორიოდე თვის წინ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ სკანდალი აგორდა მისი საზღვრების კორექციის გამო. ქართული ოპოზიციის მტკიცებით, ბაღის საუკეთესო ტერიტორია მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა და მის ნაცვლად თაბორის მთაზე მდებარე უვარგისი ნაკვეთი გადასცაო. ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე კი სულ სხვას ამბობს, ამტკიცებს, გაცვლით მიღებულ ტერიტორიას ბევრად მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე იმას, რომელსაც, პრაქტიკულად, არც ვიყენებდითო.

„ჯერ ერთი: კრწანისიდან შინდისამდე გზა იგება, რომელიც ბაღში ახალი შემოსასვლელის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. შემოსასვლელის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, რადგან ბოტანიკურში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ აბანოთუბნის მხრიდან არსებული ერთადერთი კარიდან შეიძლება. მეორეც, იმ ახალ მონაკვეთზე ნიადაგი ბევრად ნოყიერია, ვიდრე ბაღის ძირითად ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ განკარგულებაში კი იყო, მაგრამ ვერც ტექნიკური, ვერც სამეცნიერო და ვერც სამეურნეო კუთხით ვერ ვიყენებდით. ესეც რომ არ იყოს, თაბორის მხრიდან ბოტანიკურ ბაღზე გასაოცარი ხედი იშლება და გვინდა იქ სპეციალური მოედნები მოვაწყოთ, საიდანაც სტუმრები ხელისგულზე გადაშლილი ულამაზესი პანორამით დატკბებიან“, — განგვიმარტა თამაზ დარჩიძემ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორი ახალგაზრდა კაცია. ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს სამომავლო გეგმებზე, რომ აშკარად ეტყობა, საქმეზე გულწრფელად წუხს.

ახლა ბაღის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის კონცეფციაზე მუშაობენ, რაც ვიზიტორთა ცენტრების, კვების ობიექტების, ახალი გზებისა და ბილიკების მოწყობას მოიაზრებს. ანუ, დირექცია ცდილობს ბაღი, როგორც დღეს ამბობენ, „მიმზიდველ პროდუქტად“ აქციოს, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს და მერე ეს ყველაფერი ისევ ბაღს მოახმაროს.

© Sputnik/ Levan Avlabreliთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის  ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღი

და, მაინც, ამჟამად ყველაზე მწვავე პრობლემა — ბაღის სარწყავი სისტემის რეკონსტრუქციაა. არბორეტუმის ისტორიულ ტერიტორიაზე დღემდე თვითდინებით რწყვის სისტემა გამოიყენება, რაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისთვის იყო დამახასიათებელი მთელი ბაღისთვის. სადრენაჟე სისტემა მხოლოდ მოგვიანებით გაკეთდა, ოღონდ ახლა ის ამორტიზებულია.

დასახული მიზნების ვრცელ ჩამონათვალში კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს ვპოულობთ — ეს გვირაბის გახსნაა; გვირაბისა, რომელიც სოლოლაკის ქედში ჯერ კიდევ 1909–1914 წლებში გაჭრეს. 2004 წელს იქ როკ–კლუბი გახსნეს, რომელიც 2009–ში ისევ დაკეტეს და იქ ბოტანიკური ბაღის მხრიდან შესასვლელი ამოქოლეს. ამას კი ის მოჰყვა, რომ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო — გასულ წელს სულ რაღაც 170 ათასი კაცი ეწვია…

ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა პრობლემა მოგვარდება და გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდება…

ყველა ახალი ამბავი
0