საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ვითარება იყოს სტაბილური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ მართული.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა მედიისთვის და აღნიშნა, რომ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის სამოქალაქო და დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ვახტანგ კაპანაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს გენშტაბი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

„მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას. პირადად გამოვხატავ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული უახლოეს მომავალში და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა დაამშვიდა საქართველოს მოსახლეობა და განმარტა, რომ „ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება არავითარი საფრთხე“.

ამასთან, მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.

რაც შეეხება საჰაერო საზღვრის სრულ ჩაკეტვას თურქეთთან, პრეზიდენტის თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და იგი ვითარების შესაბამისად შეიცვლება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ თურქეთთან საჰაერო საზღვარი ჩაკეტა

„ეს არის მყისიერი მოქმედება… საჰაერო მიმოსვლა, ბუნებრივია, როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, აღდგება“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე.

მისი თქმით, საქართველო საფრთხეებისგან დაცულია და რაიმე საგანგებო ზომები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არ ტარდება. თუმცა, ვინაიდან საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ისახება, მნიშვნელოვანია, რომ იქ სტაბილურობა სუფევდეს. 

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ვითარება იყოს სტაბილური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ მართული. ჩვენს ქვეყანაზე თურქეთის სტაბილურობა აისახება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ვითარება იქნება განმუხტული უახლოეს საათებში“, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ: წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა  ბინალი ილდირიმმა თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სატელეფონო ჩართვით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, სამხედროების ჯგუფმა, იარაღისა და მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, „უპასუხიმგებლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა“, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს.

თავის მხრივ, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა იგივე არხით ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ყველა არსებული საერთაშორისო ურთიერთობები ძალაში დარჩება.
ამის პარალელურად, თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ თურქეთის გენ-შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0