საგურამოს „მარგალიტები“, ანუ ახალი „საოცნებო“ სახეები...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ახალი სახეები
ქართული ოცნების ახალი სახეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანდიდატების შეჩევის კრიტერიუმები... ვინ როგორ არჩევს კადრებს... კომპეტენცია, განათლება და ლაყბობის უნარი... არავინ არის პორტირებული და გენდერული თანასწორობაც ზედმიწევნით დაცულია...

საპარლამენტო არჩევნებამდე წამზომი არასრულ სამიოდე თვეს ითვლის და პოლიტიკური პარტიები საშემოდგომო ბატალიებისთვის ემზადებიან. ბრძოლა თითოეული ხმისთვის თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შედის. ლოზუნგები, ოპონენტების კრიტიკა, დაპირებები… ბოლო დროს პოლიტიკის კეთებით დაქანცული ე.წ ძველი და ნაკლებად ძველი სახეები საზოგადოებას ახალ „მარგალიტებს“ სთავაზობენ და არის ვარსკვლავთგოგო-ბიჭუნების ცვენა… ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასე ულევი ყოფილა ჩვენი რესურსი…

რამდენიმე დღე გავიდა, რაც საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილ ბომონდს მმართველმა პარტიამ თხუთმეტი ახალი სახე წარუდგინა… თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, ირინე ფრუიძე, მარიამ ჯაში, კახა კუჭავა, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე, თამარ ხულორდავა, მამუკა მდინარაძე. პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში დადებით მუხტს შემოიტანენ. 

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ დეპუტატობის 15 კანდიდატიდან რვა - ქალია

გიორგი კვირიკაშვილი: „ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. ყოველი მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს…“ პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში განახლებული „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რამდენად საფუძვლიანია გიორგი კვირიკაშვილის რწმენა, დრო გვიჩვენებს… 

ზვიად ძიძიგური - Sputnik საქართველო
„კონსერვატორები“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას

საგურამოს თავყრილობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვებთან ერთად, გიგი წერეთელი გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეები სიმპატიურად გამოიყურებიან, თუმცა ეს არ არის მთავარი… გიგი წერეთელი: „წინა სია ჭრელი იყო, იდეოლოგიურადაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ მოსული. დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია. ზოგიერთს გარკვეული საქმიანობიდან ვიცნობ, თუმცა ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გარდატეხას მოახდენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ გუნდის მოსვლით იმდენად გაუმჯობესდება ამ ოთხი წლის განმავლობაში გაფუჭებული საქმეები, რომ ხალხი უკეთესად დაიწყებს ცხოვრებას. განახლებულ ”ქართულ ოცნებაში” არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. ზოგი მათგანი პოლიტიკური ლიდერიც იყო, მაგრამ აბსოლუტურად ფერმკთალი და უპრინციპო. ასე რომ, მგონია, არაფრის შემძენი ისინი არ იქნებიან. ერთადერთი, ეს ხალხი ნავსაყუდელს ეძებს — ისეთი ადამიანები, რომლებმაც ფეხი ვერსად მოიკიდეს, ახლა ბიძინა ივანიშვილის ფულის იმედად არიან — იქ ასეთებიც იქნებიან…“

მმართველი პარტიის რჩეულთა პოლიტიკურ პროცესებში, მეტწილად კი — დებატებში მონაწილეობის უნარს ექსპერტ-ანალიტიკოსები აფასებენ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
პოლიტიკური ყომარბაზობა ანუ ციფრებით ომობანას თამაში...

გია ხუხაშვილი: „მმართველი პარტიის ეს პოზიცია, წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, საკმაოდ უხარისხოდ გამოიყურება. ღრმა ზურგიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაშვებული მეომარი ვერ იბრძოლებს სრულფასოვნად. პოლიტიკაში ადამიანის ინტეგრაცია როგორ ხდება — ჯერ არის პირველი ეტაპი, მისი ცნობადობის გაზრდა, მეორე ეტაპი კი გახლავთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოცდილება, პოლიტიკური დებატების წარმოების ინდექსი. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი პრაქტიკა. ამ ადამიანებს ეს ყველაფერი არ გააჩნიათ. პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში მათი ინტეგრაცია, მათ აყენებს ძალიან რთულ მდგომარეობაში ოპონენტებთან…“   

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპციალისტი და ანაკლიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩინებული ახალი სახეების რეალური შესაძლებლობა ოპონენტებთან დებატებში გამოჩნდება.

არჩილ გამზარდია: „გია ხუხაშვილი აქცენტებს სწორედ ცნობადობასა და დებატების წარმართვის უნარზე აკეთებს, რაშიც სავსებით ვეთანხმები. ახლა, ერთადერთი, რაც მაშინებს, ახალი სახეების დებატებში მონაწილეობაა. დებატების გარეშე პოლიტიკა არასოდეს ყოფილა…“

კოლეგებისგან განსხვავებით, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე  ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ახალ სახეებს ძველებზე უფრო მეტად შეუძლიათ დისკუსიებში მონაწილეობა, ანუ უფრო მეტად მჭერმეტყველები არიან, ვიდრე ძველი სახეები. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
როდის არ ეყოლება საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები
 

რამაზ საყვარელიძე: „ბევრი ჩუმი დეპუტატი იყო, პოლიტიკას კი უყვარს აქტიურობა. ვვარაუდობ, რომ ეს ახალი სახეები აქტიურები იქნებიან, რადგან ახალგაზრდები არიან, განათლებულები, შესანიშნავი წარსული აქვთ. პრინციპში, ოპტიმისტურ განწყობას ქმნის სახეების ეს „პარადი“… მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მათი ადგილი მთლიან სიაში…“ 

საკამათო არ არის. რიტორიკა, ორატორული თვისებები, დებატების უნარი სალაყბოსკენ მიმავალ გზაზე, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება ცხადჰყოფს, სალაპარაკო ინსტრუმენტი არც დეპუტატის სავარძელში კარგავს აქტუალობას.

აქვე იმ მკითხველს დავეთანხმები, რომელიც ბრძანებს, რომ სალაყბოში, ლაყბობის გარდა, სხვა უნარებიც მნიშვნელოვანია… კომპეტენცია, განათლება… გიორგი კვირიკაშვილმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სახეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განათლება საზღვარგარეთ მიიღო. ურიგო არ არის — კოლუმბია, ჰარვარდი, კემბრიჯი, ლომონოსოვი… შთამბეჭდავი ჩამონათვალია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თუ არის ვინმე? ანუ მტკვარდალეული, — სარკაზმით ვიკითხე მე და არ გამკვირვებია, როცა შევიტყვე, რომ პრემიერ-მინისტრის ეს გზავნილი დიდად არ მოიწონეს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე: „პრემიერ-მინისტრმა,,ახალი სახეების“ წარდგენისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. კანდიდატების უცხოურ განათლებაზე აპელირებით, მათ მთავარ ღირსებად საზღვარგარეთული დიპლომებისა და სერთიფიკატების გამოცხადებით ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს განათლების სისტემას, განსაკუთრებით კი, მის უმაღლეს სკოლას, დამოუკიდებლობის წლებში უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს.

მან ათასობით სტუდენტს, რომლებიც, ძირითადად, არაუზრუნველყოფილი ოჯახებიდან არიან და საკმაოდ დიდ გადასახადსაც იხდიან სწავლის ქირად, უთხრა, რომ ისინი ტყუილად კარგავენ დროს, რადგან ვერასდროს  მოხვდებიან პარლამენტში, რომ მათი დიპლომის ფასი ერთი თეთრიც კი არ არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლას აზრი არა აქვს…“

განათლების მინისტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრმა პედაგოგების წინაშე ბოდიში მოიხადა

არჩილ გამზარდია: „უმაღლესი განათლება საქართველოში მივიღე, არაერთი საპატიო ლექტორი მყავდა, დღემდე ვემადლიერები მათ, რომ ბევრი მასწავლეს და ხელი შემიწყეს პროფესიულ დაოსტატებაში. ათი წელია, თავად ვასწავლი სტუდენტებს და ვცდილობ, მათ პროფესიულ განვითარებას ხელი შევუწყო. როცა აქცენტს უცხოურ განათლებაზე აკეთებენ, ორმაგად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს — როგორც ყოფილი სტუდენტი და როგორც ლექტორი. პოლიტიკურ სნობიზმზე უარის თქმის დროა და არა პოლიტიკურ სნობიზმში გადაშვების…“ 

მავანთა მოსაზრებით, ახალი სახეების წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა ცხადყო, რომ რეალურად აპირებს დისტანცირებას მთავრობიდან და ქართული პოლიტიკიდან. ახალი სახეები ან უნდა იყვნენ მარიონეტები ან დისტანცირდნენ ყოფილი პრემიერისგან. „მარიონეტების თეატრში“ თამაშს ეს პოლიტიკურად უბიოგრაფიო, მაგრამ უცხოეთში განათლებამიღებული და ამბიციური ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არ დათანხმდებიან, ამიტომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ნებსით თუ უნებლიედ, იძულებული აღმოჩნდება, დისტანცირდეს თავისი პარტიიდან და მთავრობიდან… ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. წარჩინებულთა სიაში ჩემი ყურადღება რამდენიმე გარემოებამ მიიქცია. პირველი — წარმოჩინებულთა შორის სხვა პარტიიდან პორტირებული არავინ არის. მეორე — ასაკობრივი ჯგუფი. ეს ის შემთხვევაა, როცა სრულიად ვიზიარებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსაზრებას.

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი შემადგენლობის რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის, ერთი მიზეზი არის ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ისინი არც ძალიან ახალგაზრდები არიან და არც ძალიან ძველგაზრდები. ძალიან მომწონს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ იურიდიული, ფინანსური და არასამთავრობო სექტორში მუშაობის. რაც მთავარია, აზროვნებენ თანამედროვედ, დასავლური ორიენტირებით…“  მესამე — გენდერული თანასწორობა დაცულია. „ქართული ოცნების“ რჩეულთა შორის რვა ქალბატონია და შვიდი მამაკაცი… სხვა დანარჩენი? შესაძლოა, მკითხოთ და მოკლედ მოგიგებთ — საქმემან მათმან წარმოაჩინოთ… 

 

ყველა ახალი ამბავი
0