თბილისური უქმეები: 8-10 ივლისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფე თბილისში
კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სუხიშვილების“ ცეკვა, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის გამოსვლა, კინოჩვენება ღია ცის ქვეშ, ექსტრემალური ავტოსპორტი და ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ფინალი - თბილისში ამ უქმეებზე ყოველივე ამის მოწმე შეგიძლიათ გახდეთ!

პარასკევი, 8 ივლისი

„თარგმანები“ — ცნობილი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის სპექტაკლი ირლანდიელი დრამატურგის ბრაიან ფრილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. „მოლი სუინის“ შემდეგ ფრილის შემოქმედებიდან ეს მეორე პიესაა, რომელიც ჩხეიძემ ქართულ სცენაზე დადგა. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროებსა და ამ ვებგვერდზე.

ნამდვილი ბრუტალური როკის მოსმენა, მუსიკის ამ სტილის ქართველი ვეტერანის რობი კუხიანიძის შესრულებით, ბარ  Bramble-ში 20:00 საათიდან შეგიძლიათ.

შაბათი, 9 ივლისი

შეუდარებელი ნინო ანანიაშვილი და მისი საბალეტო დასი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამოვლენ. ამ საღამოთი თეატრში საბალეტო სეზონი დაიხურება. წარმოდგენილი იქნება ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანი“, ჯორჯ ბალანჩინის Concerto Barocco და Symphony in C. გალა-საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროებსა და ვებგვერდზე.

კინოაფიშა - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 7-10 ივლისს

თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) ცნობილი ქართველი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 2016 წლის იანვარში ნიკა ჩოხელი ავტოავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც საწოლს მიეჯაჭვა. სცენაზე გამოვლენ ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები თამარ ჭოხონელიძე, თემურ წიკლაური, ანრი ჯოხაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვები. კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ანსამბლები „ორერა“, „გორდელა“, „ქართული ხმები“. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროში. საქველმოქმედო საღამოს დასაწყისია 20:00 საათი.

პოპულარული თბილისური ელექტრო-პოპ-დუეტის SvanSikh მოსმენა ლისის ტბაზე, Hashtag Lisi-ში 20:00 საათზეა შესაძლებელი.

ღია ცის ქვეშ ტრადიციულ კინოჩვენებაზე კინომოყვარულებს პარკი „მზიური“ ეპატიჟება. ამჯერად პარკში ნაჩვენები იქნება 2012 წელს გადაღებული ცნობილი ლიბანელი რეჟისორისა და მსახიობის ნადინ ლაბაკის ფილმი „ახლა საით წავიდეთ“. ფილმში მოვლენათა ცენტრშია ლიბანის გარესამყაროს მოწყვეტილი, იზოლირებული სოფელი და მისი მცხოვრებლები, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს ქადაგებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში რელიგიის, ომისა და ადამიანების ტრაგიკული ბედის თემებია წამოწეული, ის კომიკური და მუსიკალური ეპიზოდებითაა მდიდარი. კინოსეანსი 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

კვირა, 10 ივლისი

საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ ხალხური შემოქმედების ფესტივალზე „არტ-გენი 2016“ გამოვა. მანამდე ღონისძიებაზე გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების, სხავადასხვა რეგიონებიდან თანამედროვე შემოქმედებისა და ფოლკლორის გამოფენა. ბილეთებისა და ფესტივალის აბონემენტების შეძენა შესაძლებელია ამ ვებგვერდზე.

ნიკა ჩოხელი - Sputnik საქართველო
ქართველი მუსიკოსები გოდერძი ჩოხელის შვილს დაეხმარებიან

ავტოსპორტის ამ ექსტრემალური სახეობის მოყვარულებს რუსთავის ავტოდრომზე დრიფტის მთელი დღე ელოდებათ. დრიფტის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის სამი სხვადასხვა სანახაობრივი კონკურსია დაგეგმილი. აქ გელოდებათ ადრენალინის მომატება და ნამდვილი შოუ ლამაზი ავტომანქანების „შესრულებით“. შეჯიბრებების დაწყების დროა 12:00 საათი. ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

თბილისი კვირა საღამოს ნებისმიერი გემოვნების მუსიკის მოყვარულებს იწვევს. ჯაზის მოსმენა რეზო კიკნაძის ჯაზ-კვინტეტის შესრულებით 20:00 საათიდან Pam Club-ში შეგიძლიათ.

„ბიტლომანებს“ Imagine Club 20:00 საათიდან „All We Need Is Peace, Love and Music“-ის საღამოზე გიწვევთ. გამოვლენ Besides და „დრო არ გვაქვს“.

ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა კაფეში „ზოესთან“ აჟღერდება. საღამო 19:00 საათზე დაიწყება და გამოვა ქალთა ვოლკალური ანსამბლი „ელეონი“.

ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყურება ფეხბურთში (პორტუგალია-საფრანგეთი), თბილისურ  Vitamin Café-ში 23:00 საათზე შეგიძლიათ. ფინალამდე ორიოდე საათით ადრე დაგეგმილია ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მუსიკოსის ერეკლე დეისაძის გამოსვლა. არ გამოტოვოთ!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0