საბჭოთა კავშირის N1 პაციენტი - Ачи - человек удачи

© FB / Achi Purtseladzeაჩი ფურცელაძე
აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

რუსუდან პირველი

რუბრიკის პირველი სტუმარი — ბავშვობიდან პოპულარული მუსიკოსის, მომღერლის, კონფერანსიეს, ნიჭიერი და, შეიძლება ითქვას, იღბლიანი ადამიანის, აჩი ფურცელაძის დედა, ქალბატონი ხატულა ფურცელაძეა. 

– ქალბატონო ხატულა, მოდი, აჩის ბავშვობა გავიხსენოთ, როგორი იყო, რა უყვარდა რა არა?

— დავიწყოთ იმით, რომ აჩი, როგორც გადამწიფებული ნაყოფი, ისე დაიბადა. მაშინ ექოსკოპია არ არსებობდა და ზუსტად ვერ განსაზღვრეს, მაგრამ 10 თვეზე მეტის რომ იყო, ფაქტია. საკმაოდ წყნარი და მხიარული, მაგრამ ჯიუტი იყო. პირველივე სიტყვა, რაც წარმოთქვა, იყო „არა!“ მერე სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ რადგან მას სახელად არ-ჩილი ჰქვია, ამიტომ მასში რაღაცის მიმართ უარყოფა ყოველთვის იქნებაო. ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო, სიარული კი ერთი წლისამ. სულ მღეროდა, ძილშიც კი რაღაცას ღიღინებდა და თავის თავს ირთობდა. ეს ჩემი ოჯახისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ოჯახში ყველა ვმღეროდით. სხვათა შორის, კარგად ხატავდა, წერა-კითხვა სკოლაში წასვლამდე იცოდა და ლექსების წერა უყვარდა. მისი ლექსების წიგნი მაქვს შენახული, რომელიც, თავისი ჭკუით, თვითონვე გამოაქვეყნა. მოთხრობებსაც წერდა. ძალიან უყვარდა ცეკვა და დაწყებითი კლასის მასწავლებელი ამბობდა, ნეტავ იმ დღეს მომასწრო, ფურცელაძე წესიერად რომ გაივლის და არ იცეკვებსო — მერხიდან დაფასთან მანჭვითა და ცეკვა-ცეკვით მიდიოდა.

© ა. ფურცელაძის ოჯახის არქივიპატარა აჩი ფურცელაძე
პატარა აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო
პატარა აჩი ფურცელაძე

– ხიფათიანი თუ იყო?

— არა, მაგრამ ასეთი ბედისწერა ჰქონდა: ხშირად არ ავადმყოფობდა, მაგრამ თუ ავად გახდებოდა, აუცილებლად სასწაული დაემართებოდა. აქედან გამომდინარე, თბილისში ბავშვთა ყველა საავადმყოფო გვაქვს მოვლილი, ყველგან და თანაც დიდი ხნით იწვა.

– ალბათ, რაიმე კონკრეტულ ამბავსაც გაიხსენებთ, ყველაზე ძალიან როდის შეგაშინათ?

— 1986 წლის 26 აპრილს (ჩერნობილი რომ აფეთქდა, იმ დღეს!) ეკლესიიდან სახლში დავბრუნდით და მან ეზოში დარჩენა მთხოვა. თამაშისას ბავშვები ხევისკენ გაიქცენ და აჩი ხევში გადაიჩეხა. ფაქტობრივად, 1986 წლისთვის, რომ იტყვიან, საბჭოთა კავშირის N1 პაციენტი იყო, რადგან სამი მეტრიდან გადავარდნილ ბავშვს ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ამ დროს შიგნით, დიაფრაგმის ქვევით ყველაფერი მოწყვეტილი და დაზიანებული ჰქონდა: ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, თორმეტგოჯა… ამის შემდეგ ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

– როგორი მოსწავლე იყო, სკოლაში სიარული თუ უყვარდა?

— სკოლაში სიარული უყვარდა, მაგრამ საკმაოდ პრეტენზიული იყო, ამოირჩია ერთი მასწავლებელი და სწავლა მაინც და მაინც იმასთან მოინდომა. ლამაზი, თივის ზვინივით მაღალი და დიდი ქალი იყო. კიდეც ხუმრობდნენ: როგორ ეტყობა, დედაც მსუქანი რომ ჰყავს, პედაგოგიც მსუქანი ქალი შეარჩიაო… ერთხელ მითხრა, ნანა მასწავლებელი კი არ ლაპარაკობს, გვეჩურჩულება და მთელი კლასი სულგანაბული ვუსმენთ, რომ გავიგონოთ, რას ამბობსო. მოსწონდა, როცა მასწავლებელი კარგ ფორმაში იყო. ერთხელ მის ერთ მასწავლებელს, თურმე, ვერ მოუსწრია მაკიაჟის გაკეთება. აჩი კათედრასთან მისულა და მისთვის ყურში უკითხავს: ნანა მასწავლებელო, რატომ არ ხარ დახატული?.. მე-9 კლასამდე კარგად სწავლობდა, აბსოლუტური ხუთოსანი იყო, მაგრამ მერე და მერე საკმაოდ აურია, იმიტომ, რომ დედამისისგან, ანუ ჩემგან შატალოების სიყვარული გამოჰყვა და მე რომ სკოლაში მეგონა, ის ამ დროს, თურმე, ბოტანიკურ ბაღში სეირნობდა. მე კი ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა და ვერ ვუბრაზდებოდი. თუმცა, ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა: შატალოზე წავიდოდა, მაგრამ გაკვეთილი მაინც ნასწავლი ჰქონდა.

© ა.ფურცელაძის ოჯახის არქივიაჩი ფურცელაძე
აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო
აჩი ფურცელაძე
 

– არ ჩხუბობდა ხოლმე?

— მოჩხუბარი არ იყო, ხელჩართულ ბრძოლაში არ მონაწილეობდა, ყველაფერს ენით აგვარებდა. ბიჭებს ჩხუბში არ მიჰყავდათ – შენ არ გვაჩხუბებ და შეგვარიგებო, ჩვენ კი ისინი უნდა ვცემოთო. პატარაობიდან ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო. სამი წლის რომ იყო, თუნდაც სხვანაირად რომ გადამევარცხნა თმები, აუცილებლად შეამჩნევდა: დედიკო, როგორი სხვანაირი ხარო… სახლის მილაგება არ ეთაკილებოდა, დღეში 10-ჯერ გაგეგზავნებოდა მაღაზიაში, სტუმრები ძალიან უყვარდა, დისკომფორტს არასდროს შეგიქმნიდა. 

– რაიმეზე ხომ არ სწყდებოდა გული?

— მის ერთ მეგობარს ძალიან კარგი მამა ჰყავდა, ეს კაცი ყურადღებით ექცეოდა თავის შვილებს და აჩისაც, დაუჯდებოდა ხოლმე ბავშვებს, ესაუბრებოდა, რაღაცას უყვებოდა, ასწავლიდა, რაღაცას აჩვენებდა, უხსნიდა. მხოლოდ ერთხელ მითხრა, რომ გურამისნაირი მამა მეც მინდა რომ მყავდესო. ეს ნამდვილად გულდაწყვეტით თქვა… კიდევ ყოველთვის უნდოდა და-ძმა ჰყოლოდა…

© ა.ფურცელაძის ოჯახის არქივიაჩი ფურცელაძე
აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო
აჩი ფურცელაძე

– როგორ გაიარა გარდატეხის პერიოდი, რა შეიცვალა მასში?

— მხოლოდ და მხოლოდ ხმა, სხვა არანაირი სირთულე არ ყოფილა, არც კონფლიქტი. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ხომ დიდი მეგობრებიც ვართ…

– ქალბატონო ხატულა, გარდა იმისა, რომ აჩიკო ბავშვობიდან მღეროდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა, ასევე თეატრალურ სტუდიაში დადიოდა და კიდევ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული საბავშვო რადიოგადაცემის „აბლაბუდას“ ჰიტ-აღლუმის წამყვანი იყო. როგორ ასწრებდა ყველაფერს?

— მიუხედავად იმისა, რომ აჩი ძალიან ზარმაცი იყო, თეატრალურ სტუდიას და რადიოს არასდროს აცდენდა. წლების შემდეგ კიდეც თქვა, მე რომ „აბლაბუდაში“ არ მემუშავა, ალბათ წერა-კითხვა დამავიწყდებოდაო, რადგან იქ კვირაში ორჯერ სცენარი უნდა დაეწერა. რადიოში უფროსი თაობის საკმაოდ ბევრი ადამიანი გაიცნო და სწორედ ისინი იყვნენ შემდგომში მისი ლექტორები.

– როდის მიხვდით, რომ ცხოვრებაში აჩის იმედი შეიძლებოდა გქონოდათ?

— მის ბავშვობაში არ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი ასეთი მექნებოდა. ხომ იცით რა პერიოდიც იყო, არა — სამსახური, თან გაჭირვებული ცხოვრება… ავად რომ ვიყავი და ძალიან ბევრი წამალი მჭირდებოდა, არც ერთ სამუშაოს არ თაკილობდა, მაშინაც კი, როცა აჩი ფურცელაძე საქართველოში უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო… ბავშვობაში აღებულ ჰონორარს დიდი სიამოვნებით და სიამაყით მოიტანდა ხოლმე სახლში და მეტყოდა: დედა, იყიდე, რაც საჭიროა, ოჯახისთვის… მაშინ მივხვდი, რომ მის ხელში არაფერი გამიჭირდებოდა…

ყველა ახალი ამბავი
0