პანდა სახელად ლინ პინი და მისი დიპლომატი ნათლია

© FL/ fortherockპანდა
პანდა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, კვირის ბოლო სამუშაო დღეს, სავარაუდოდ, ცოტა გადაღლილები ბრძანდებით და ამიტომ თავს არ შეგაწყენთ არც ჩახლართული ასოციაციებითა და არც გამოცანებით. მით უმეტეს, რომ უმრავლესობა უკვე გეგმავთ, ამ შაბათ-კვირას პატარები როგორ გაართოთ — ზოგმა შვილები და ზოგმაც – შვილიშვილები. რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუსკუპდებიან კომპიუტერს, რომელიც დღევანდელ ბავშვებს, სამწუხაროდ, ყველაფერს ურჩევნიათ.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ დადგება დრო — რაშიც ეჭვიც არ მეპარება — და თბილისის გარეუბანში, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი, ფანტასტიკური ზოოპარკი თავისი განიერი ვოლიერებით, ყოველგვარი გალიებისა და ხელოვნური შემოღობვების გარეშე, სადაც ცხოველებს ერთმანეთისგან და ჩვენგანაც დაიცავენ არა გისოსები და უგულოდ ამოყვანილი ბეტონის კედლები, არამედ ბუნებრივი დაბრკოლებები:  ჩანჩქერები, კლდეები, მდინარეები, ღრმულები… სადაც წახვალთ ოჯახის სრული შემადგენლობით ადრე დილიდანვე და იქ დაგხვდებათ მთელი თბილისი. გაიბმება ახალი ურთიერთობები, ცხადად იხილავთ და გაიცნობთ ფეისბუქელ ვირტუალურ მეგობრებს, ბავშვებს კი ბუნებასთან შეხების საშუალება მიეცემათ…

© FL/ Guilhem Vellut1793 წელს გახსნილი პარიზის ზოოპარკი
1793 წელს გახსნილი პარიზის ზოოპარკი  - Sputnik საქართველო
1793 წელს გახსნილი პარიზის ზოოპარკი

და ეს მართლაც კარგია, რადგან როცა პატარა იმას გააცნობიერებს, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში ყველაფერი თავისებურად ლამაზია — ფაფარაშლილი ლომიც და ჩაპუტკუნებული ჰიპოპოტამიც, ვარდისფერი ფლამინგოც და უაზროდ აწოწილი სირაქლემაც და, რაც მთავარია, იმას, რომ ადამიანი ამ სიმდიდრეზე პასუხისმგებელია და  უნდა გაუფრთხილდეს, გარწმუნებთ, ის არადსროს არ დატოვებს თანაგრძნობის გარეშე არც პატარა უსახლკარო ლეკვს, არც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს და, მაშასადამე, არც ადამიანს.

დღეს, ჩემო კარგებო, არის ზოოპარკის დაბადების დღე. ზუსტად ამ დღეს, 1793 წლის 10 ივნისს პარიზში, ე.წ. „მცენარეების ბაღში“ გაიხსნა მსოფლიოში პირველი სახალხო ზოოპარკი, რომლის ძალიან ვიწრო და მოუხერხებელ ნაგებობებში მოთავსებული იყო 65 ცხოველი და 20 ფრინველი.

რა თქმა უნდა, იმპერატორებს, მეფეებსა და დიდგვაროვნებს უხსოვარი დროიდან ჰქონდათ ე.წ. სამხეცეები, სადაც ჩაკეტილი ჰყავდათ ფაუნის ეგზოტიკური წარმომადგენლები და ამით თავსაც  იწონებდნენ ერთმანეთის წინაშე. აი, უბრალო ხალხს კი წარსულში გარეული ცხოველების დათვალიერების საშუალება არ ჰქონია და პარიზის ზოოპარკს, გახსნის პირველსავე დღეს, მნახველების ისეთი ნაკადი მიაწყდა, რომ წესრიგის დასამყარებლად პოლიციის მთელი შემადგენლობა გამოიძახეს.

© FL/ RuckSackKruemelპანდა სახელად ლინ პინი ჩიანგ-მაის ზოოპარკში
პანდა სახელად ლინ პინი ჩიანგ-მაის ზოოპარკში  - Sputnik საქართველო
პანდა სახელად ლინ პინი ჩიანგ-მაის ზოოპარკში

ნაპოლეონის მმართველობის დროს ზოოპარკი საგრძნობლად გაფართოვდა. ის დღესაც საკმაოდ პოპულარული ადგილია პარიზში, თუმცა განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა… თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ პირველი ზოოპარკი იყო, და მაინც და მაინც არ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ 1870 წელს, ალყაშემორტყმული პარიზის მოშიმშილე მცხოვრებლებმა ზოოპარკისგან იყიდეს ანტილოპა, აქლემები, ზებრები და ორი სპილო: კასტორი და პოლუქსი…

სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ლენინგრადის ბლოკადის დროს ზოოპარკში ცხოველები იგივე მიზეზებით ზარალდებოდნენ, რითიც ადამიანები — შიმშილითა და ყუმბარების აფეთქებით. სპილო ბეტი და მისი მომვლელი დარაჯი ერთ-ერთი დაბომბვის შემდეგ იქვე, ზოოპარკის ეზოში დაასაფლავეს. ამბობენ, რომ დაახლოებით 160 ცხოველის გადარჩენაში პირადი წვლილი ზოოპარკის იმდროინდელ დირექტორსა და 20-მდე თანამშრომელს მიუძღვით, რომლებიც ლუკმას უყოფდნენ ცხოველებს…

საერთოდ, ზოოპარკის კოლექტივზე ბევრია დამოკიდებული. მაგალითად, ჰოლანდიის ერთ-ერთ ზოოპარკში თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ჟირაფები დასევდიანდნენ და საკვების მიღებას უკლეს. ჰო და, მათთვის მსოფლიოში პირველი „სალათ-ბარი“ გაიხსნა. ცხოველებს თავის სიმაღლეზე დაუკიდეს ხილითა და ბოსტნეულით სავსე ხონჩები, რათა ჭამისას თავის დახრით არ დაღლილიყვნენ და ჟირაფებიც ერთ კვირაში ხასიათზე მოვიდნენ.

ახალი ზელანდიის ქალაქ ორანოს ზოოპარკის დირექცია კი ძალიან ორიგინალურად მიუდგა საკითხს: ცხოველებსა და მნახველებს ადგილები შეუცვალეს, ანუ ადამიანებს სვამენ დაცულ ფურგონებში და გაჰყავთ ბუნებაში, ცხოველებთან, რომლებიც დიდი ინტერესით ათვალიერებენ „უცნაურ“ სტუმრებს.

დღეისათვის მსოფლიოში 850-მდე მოქმედი ზოოპარკია. საუკეთესო ზოოპარკების ხუთეულში შედიან: ბერლინის ზოოპარკი (დღეისთვის ყველაზე დიდი, სადაც 17500 ცხოველია); ლონდონის ზოოპარკი, რომლის ბინადართა გარკვეულ ნაწილს  პატრონებიც კი ჰყავს, რომლებსაც მათი შენახვის პირობები და საშუალება არ გააჩნიათ; სან-დიეგოს ზოოპარკი, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და ცხოველების გადაღება შესაძლებელია აეროპლანებიდან; ბალის ზოოპარკი, რომელშიც უფლებას გაძლევენ სპეციალური კიბეებითა და თოკებით ახვიდე პალმებზე მაიმუნებთან და რაც გინდა, ის აკეთო, ოღონდ მათ ნერვები არ უნდა მოუშალო; და ფინეთში, მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რაუნას ზოოპარკი, სადაც ცხოვრობენ ადამიანებს შეჩვეული თეთრი დათვები, ფრინველები კი ისეთი დისციპლინირებული არიან, რომ მათ გალიებში არც კი კეტავენ — თავიანთ საქმეებზე დაფრინავენ და ყოველთვის ბრუნდებიან უკან, ზოოპარკში.

მე საოცრად მიყვარს ცხოველები, თითქმის ყველა, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, და სიამოვნებით ვეწვეოდი ყველა ზოოპარკს. მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობ ახლოდან ვნახო შესანიშნავი ცხოველი პანდა. ეს კი ძალიან რთულია, რადგან პანდა ცხოვრობს მხოლოდ ჩინეთში. ეს ქვეყანა კი მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში გასცემს იჯარით პანდებს სხვა ქვეყნის ზოოპარკებისთვის, თანაც, მასზე სრული უფლების შენარჩუნებით. თუ სადმე, ჩინეთის გარეთ დაიბადება პატარა პანდა, ისიც ჩინეთის „მოქალაქედ“ ითვლება…

2009 წელს ტაილანდის ცნობილ ზოოპარკ ჩიანგ-მაიში დაიბადა პანდა სახელად ლინ პინი, რომელიც პირველ დღესვე პირადად მოინახულა ჩინეთის ელჩმა და ტორტიც კი მიართვა…

აი, ასეთი საოცარი და განსაკუთრებული არიან პანდები და ჩინელი დიპლომატები.

გისურვებთ ბედნიერ და საოცარ უქმე დღეებს!

ყველა ახალი ამბავი
0