თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2016“-ის ფინალში გავიდნენ — ნიკა კოჩაროვმა და & Young Georgian Lolitaz შეძლეს მეორე ნახევარფინალის ლიდერები გამხდარიყვნენ.
ქართველი მუსიკოსები მე-16 ნომრით გამოდიოდნენ.
წელს, ისევე, როგორც შარშან, ქართველ კონკურსანტთა ნომრის სცენური გაფორმება ცნობილმა შვედმა სცენოგრაფმა საშა ჟან-ბატისტმა შექმნა.
ქართველი შემსრულებლების გამოსვლისას Globe Arena-ს სცენაზე მაყურებლებმა იხილეს შოუ ვინტაჟური გადაღების ეფექტებით, კალეიდოსკოპის, ფსიქოდელიკის, სარკეებისა და პიროტექნიკური ეფექტების გამოყენებით.
ნიკა კოჩაროვმა და მისმა ჯგუფმა შეასრულეს სიმღერა Midnight Gold, ქართველი კონკურსანტებისათვის ბექ-ვოკალს ასევე ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი ასრულებდა.
მეორე ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, საქართველოს გარდა გაირკვა კიდევ 9 ფინალისტის ვინაობა: სერბეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ავსტრალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელგია.
კონკურსის წესებით, ნახევარფინალში არ მონაწილეობენ „დიდი ხუთეულის“ წევრი ქვეყნები — საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი. ასევე წინა კონკურსის გამარჯვებული ქვეყანა. მათი წარმომადგენლები ფინალში გამოვლენ 14 მაისს.
ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) საქართველოში 2000 წელს დაარსდა. კოლექტივი 4 მონაწილისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ როკ-ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.