თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართულ არმიას დიდი წვლილი შეაქვს გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და მაღლა სწევს ქვეყნის იმიჯს, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„მადლობას გიხდით თქვენ, რადგან დღესაც, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით…
თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში", — თქვა მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას.
დღეისათვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრს ემორჩილება. არმიის მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედის: ხუთი ქვეითი ბრიგადა, საზენიტო–საარტილერიო დივიზია, საჰაერო ძალები, ცალკე სავერტმფრენო ესკადრილია, ეროვნული გვარდია, სპეცოპერაციების ძალები, სადაზვერვო ასეული და სხვა ქვედანაყოფები.
ქართული არმია 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ კოსოვოსა და ერაყში. დღეისათვის 870 ქართველი ჯარისკაცია ჩართული მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს, და აგრეთვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამშვიდობო მისიებში.