თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (66%) უარყოფითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, რასაც აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვები მოწმობს.
კვლევის პირველი ნაწილის შედეგები ორშაბათს საქართველოში NDI–ს დირექტორმა ლორა ტორნტორნმა (Laura Thornton) წარმოადგინა.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოკითხულთა 40%-მა შემოხაზა გრაფა „ცუდი“, 26%-მა კი „ძალიან ცუდი“. რესპონდენტთა დაახლოებით მესამედი — 29% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც „საშუალო“.
ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილმა: 2%-მა შემოხაზა გრაფა „კარგი“, 1%-მა კი გრაფა „ძალიან კარგი“. შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა 2%-ს.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოებს ასევე ჰკითხეს, მათი აზრით, რაში მდგომარეობს ეკონომიკური პრობლემების მიზეზი. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა (81%) დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს მოქმედი ხელისუფლების, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბრალია. ეს მოსაზრება არ გაიზიარა გამოკითხულთა 7%-მა, ხოლო 6%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.
ნახევარზე მეტი — 53% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა გლობალურმა ეკონომიკურმა პრობლემებმა. არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას რესპონდენტთა 28%, ხოლო 9%-მა თავი შეიკავა შეფასებისგან.
გამოკითხულთა 59% პროცენტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წინა ხელისუფლების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 23%, ხოლო 11%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.
NDI–ს სოციოლოგიური გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 3 900 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 1,6%-ს.
NDI–ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, ხოლო გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აწარმოებს.