ვლადიმირ ჩერნიშოვი გიამბობთ, როგორი იყო მისი ბავშვობისდროინდელი საქართველო და როგორია ის ახლა.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ ჩერნიშოვი ბაბუის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის, საქართველოს სსრ დამსახურებული მეცნიერ–მუშაკის, ვლადიმერ ლებანიძის სახელს ატარებს. ბავშვობაში ვლადიმირი ხშირად ჩამოდიოდა ბაბუასთან და ამიტომ თბილისი მისთვის პრაქტიკულად მშობლიური ქალაქია.
— საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში და მისი ცხოვრების რამდენიმე ეტაპს შევესწარი. პირდაპირ გეტყვით, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ „შესვენება“ მქონდა — 1987 წლის მერე საქართველოში პირველად უკვე 90–იანებში მოვხვდი. მაშინ ქალაქმა პირქუში შთაბეჭდილება დამიტოვა, დღეს კი დადებითი ემოციებით ვარ აღსავსე… თბილისის ცენტრი უკვე ჰგავს ჩემი ბავშვობის ქალაქს და ადამიანები ბევრად ხალისიანები და კეთილგანწყობილები არიან, ვიდრე მაშინ, 10–15 წლის წინ იყვნენ… საზოგადოებაში რაღაც უშუალობა გაჩნდა.
მოსკოვს გარეთ ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოში შედგა. გაოგნებული ვიყავი ხალხში გამეფებული სიცოცხლით სავსე ატმოსფეროთი, რაც მოსკოვში არასდროს მენახა. ანუ ადამიანები სიამოვნებისთვის ცხოვრობდნენ და ეს ჩანდა ქუჩებში. ვხედავდი, როგორ დაქროდნენ თეთრი „მერსედესები“, როგორ ისხდნენ ადამიანები კაფეებსა და რესტორნებში და სადაც უნდა შევსულიყავით, ყველგან გვიმასპინძლდებოდნენ. მოსკოვში უფრო ნაკლები თეთრი „მერსედესი“ დადიოდა, ვიდრე საქართველოში. პატიოსნად გეტყვით: მაშინ აქაურებმა ლამაზად ცხოვრება იცოდნენ და მეც ძალიან მომწონდა საქართველო.
ბავშვობის მერე აჭარაში არ ვყოფილვარ. სულ მინდა ჩავიდე დასასვენებლად, მაგრამ არა და არ გამომდის. ძირითადად სამსახურის საქმეებზე ჩამოვდივარ, თორემ შვილსაც ჩამოვიყვანდი და დიდი ბაბუის ქალაქსაც დავათვალიერებინებდი.
ახლაც სამსახურის საქმეზე ვარ ჩამოსული — დოკუმენტური ფილმის ნაწილი უნდა გადავიღოთ, რომელიც 1917 წლის მეასე წლისთავს ეძღვნება. წინასწარ ვიღებთ, იმიტომ რომ სამუშაოები ძალიან დიდი მოცულობისაა.
შევეცდებით, ეს მოვლენა რაღაცნაირად გავიაზროთ ასი წლის შემდეგ: როგორ მოხდა რევოლუცია, როგორ დაინგრა რუსეთის იმპერია, როგორ წარმოიქმნა მის ადგილზე ახალი სახელმწიფო. თანაც, ეს ადამიანებისთვის საკუთარი ისტორიის მოყოლის მცდელობა იქნება. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ უკვე არც იცის ის, ვინაიდან მათ ეს ისე დაწვრილებით არ ასწავლეს, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ საბჭოთა სკოლაში. ასე რომ, ორი ამოცანა გვაქვს მიზნად დასახული.
გადაღებები ორ დღეს გასტანს. აქ 1905 წლის რევოლუციის, კავკასიის ბოლშევიკთა კომიტეტის ფორმირებისა და 1917 წლის მოვლენების რამდენიმე ეპიზოდს გადავიღებთ.
რუსეთის იმპერიის რღვევაზე კი ვიღებთ ფილმს, მაგრამ როცა ობიექტებზე გავდივარ, რაღაცნაირად რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურღვევობის შეგრძნება მეუფლება. აქ კავკასიის მეფისნაცვლის, ვორონცოვის სასახლეცაა და პუშკინის ძეგლიც დგას — და ეს ნაწილობრივ საქართველოს ისტორიაცაა — ამას ვერსად დავემალებით, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და კულტურულ–ისტორიული კავშირის გაწყვეტა ძალიან რთულია. მეჩვენება, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა ეს კავშირი ვერ გაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.
მოსკოვში ქართველების მიმართ დამოკიდებულება სავსებით ნორმალურია. ის კი არა, სიმპათიითაც კი ეპყრობიან ქართული აქცენტით მოსაუბრე ადამიანებს. ჩვენ ყველანი საბჭოთა ფილმებზე ვართ გაზრდილები, მაგალითად, „მიმინოზე“. ქართველებთან კარგად დალევა, სიმღერა შეიძლება. ყველა ქართველი კეთილია და კარგი, ამიტომ ჩემთვის, როგორც ნაწილობრივ ამ ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანისთვის, დისონანსური იყო ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსების ნახვა, რომლებიც ხმამაღლა გაჰყვირიან, რუსეთი უნდა დავივიწყოთ და სხვა მხარეს უნდა ვიაროთო. ეს მეც რაღაცნაირად არაბუნებრივად მეჩვენება და რუსების უმრავლესობასაც. როცა ჩვენებურები საქართველოში ჩამოდიან და კეთილგანწყობილ ადამიანებს ხვდებიან, ისეთი შეგრძნება რჩებათ, თითქოს ეს ბოლო წლების მოვლენები არც ყოფილა…
აქ ყველაფერი მომწონს: ამინდიც, გოგოებიც… კარგი განწყობა მეუფლება, ნეგატივის ნასახიც კი არ არის. არა და რუსეთში არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში რუსების მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია, ეს იცის ხალხმა და ამიტომაც ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში. ტურისტები აქ კარგად გრძნობენ თავს. რუსეთიდან ჩამოსულისთვის აქ ყველაფერი შედარებით იაფია, კარგი სერვისიცაა და თანაც ყველა კეთილგანწყობილია და სტუმართმოყვარე.
სააკაშვილის მმართველობის წლებში რომ ჩამოვდიოდი, ენობრივი ბარიერი იგრძნობოდა. ინგლისურად უფრო ხშირად გველაპარაკებოდნენ, ვიდრე რუსულად, ახლა კი ეს აღარ იგრძნობა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ისევ ყველა ალაპარაკდა რუსულად.
მახსოვს, ადრე რაღაც დემონსტრაციული მომენტებიც იყო ხოლმე, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინგლისურად ცდილობდნენ გამოგვლაპარაკებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ესმოდათ რუსული. ახლა ასეთი რამ აღარ შემინიშნავს. შეიძლება ეს რუსეთიდან ტურისტების მოზღვავების შედეგიცაა, არ ვიცი.
ვერ გეტყვით, რომ ქალაქს კარგად ვიცნობ, მაგრამ როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის რუსთაველის პროსპექტზე ან ძველი თბილისის რომელიმე უბანში ვჩერდები საცხოვრებლად და აუცილებლად მივდივარ სტუმრად ბიძასთან, რომელიც აქ ცხოვრობს — ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს ქალაქში.