თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, განაცხადა „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.
გასულ კვირაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე ასევე კოალიციისაგან დამოუკიდებლად გამოვა. კოალიციის შემადგენლობა აგრეთვე დატოვა „ეროვნულმა ფორუმმა“.
„ჩვენ გვინდა შევქმნათ ასეთი კანონმდებლობა — შევიტანოთ დამატებები და ცვლილებები, რაც საშუალებას მისცემს პრემიერ-მინისტრს, იყოს სიაში პირველ ნომრად და, ვფიქრობ, რომ ყრილობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, ისე რომ მას (კვირიკაშვილს) არ მოუწევს თავისი პოსტის დატოვება“, – თქვა ვოლსკიმ ტელეკომპანია TV პირველის ეთერში.
შესაბამისი ცვლილებების შეტანას გეგმავენ საქართველოს საარჩევნო კოდექსში. არსებული კანონმდებლობით, მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი მონაწილეობით პარტიის საარჩევნო სიის შეტანიდან მეორე დღესვე უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.