თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოში უვადო პატიმრობის გადახედვა ინდივიდუალურად, კონკრეტული დანაშაულიდან გამომდინარე უნდა განიხილებოდეს — ასე მიიჩნევს Sputnik-ის გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის „როგორი დამოკიდებულება გაქვთ პატრიარქის ინიციატივაზე უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით?“ მონაწილეთა 44,2%.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ პატიმარი გამოსწორების გზას დაადგება, მას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ოდესმე საპატიმროდან გამოვა.
ამასთან, გამოკითხულთა 27,9% უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვას უარყოფითად უყურებს და მიიჩნევს, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები არ გამოსწორდებიან.
გამოკითხულთა 20,2% პატრიარქის ინიციატივას დადებითად აფასებს, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გამოსწორების შანსი ყველას აქვს, რესპონდენტების 7,7%-ს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული. სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია.