თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის ძველ უბანში მდებარე ლეგენდარული გოგირდის აბანოები დახურვის საფრთხის წინაშე დგას. ამის მიზეზი წყლის ტარიფის გაზრდაა.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი წყლის გამანაწილებელ კომპანია Georgian Water and Power-ს (GWP) წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ. მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.
„ერთი კუბომეტრისთვის დაახლოებით 10 თეთრს ვიხდიდით. დღეს GWP-მ 85 თეთრი დაგვიდგინა ერთი კუბომეტრი წყლისთვის. თანხაში განსხვავება ასეთია — ვიხდიდით 700 ლარს, ხოლო დღეს 10 ათასი ლარის გადახდას ითხოვენ“, — განაცხადა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ წყლის ასეთი საფასურის გადახდა არ შეუძლიათ, ამიტომ მზად არიან, ობიექტები დახურონ. ისინი მოითხოვენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ვალის ჩამოწერას, რომელიც 250 ათას ლარს შეადგენს.
გოგირდის აბანოები თბილისის უძველეს უბანში — აბანოთუბანში მდებარეობს. თითოეული აბანოს აშენების თარიღი სხვადასხვაა და დაახლოებით XVII–XIX საუკუნეებით თარიღდება.
თბილისის გოგირდის აბანოები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ძველებურად სიამოვნებით სარგებლობს მათი მომსახურებით, რადგან გოგირდის წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.