რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ქართული ბავშვობა

© FB/ Russian Councilსერგეი ლავროვი, იგორ ივანოვი და ევგენი პრიმაკოვი
სერგეი ლავროვი, იგორ ივანოვი და ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევგენი პრიმაკოვი, იგორ ივანოვი და სერგეი ლავროვი - ადამიანები, რომლებსაც თბილისის, ქართული ტრადიციებისა და ხასიათის განსაკუთრებულობის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით არ სმენიათ.

„გიცხოვრიათ საქართველოში? მიღებული ხართ!“ – როგორც ჩანს, სწორედ ასეთ მოკლე გასაუბრებას გადიოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ მაღალი თანამდებობის დაკავების წინ. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ოთხიდან სამმა მთავარმა რუსმა დიპლომატმა ადრეული წლები მზიურ საქართველოში გაატარა.

ევგენი პრიმაკოვი

რუსეთის რიგით მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი, რომელსაც ეს თანამდებობა 1996-1998 წლებში ეკავა, კიევში დაიბადა. ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ბავშვობა თბილისში გაეტარებინა — ბავშვის დაბადებისთანავე მომავალი პოლიტიკოსის დედა ანა პრიმაკოვა თბილისში დაბრუნდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ის თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა, შემდეგ — თბილისის ტრიკოტაჟის კომბინატის ქალთა კონსულტაციაში.

ევგენი თბილისის ყველაზე ინტერნაციონალურ უბანში, პლეხანოვზე გაიზარდა, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ქურთები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, პრიმაკოვი ბავშვობიდან საუბრობდა ქართულად და სომხურად.

პრიმაკოვი სკოლაში მარნეულში შევიდა. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, 1944 წელს ის ბაქოს სამხედრო-საზღვაო მოსამზადებელ სასწავლებელში კურსანტად ჩაირიცხა, პრაქტიკას სასწავლო გემ „პრავდაზე“ გადიოდა. ორი წლის შემდეგ პრიმაკოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს, რადგან ტუბერკულოზის საწყისი სტადია დაუდგინდა.

ეს გახდა მისი თბილისში დაბრუნების მიზეზი, სადაც 1948 წელს მან მე-14 ვაჟთა საშუალო სკოლა დაამთავრა. პედაგოგები აღნიშნავდნენ, რომ პრიმაკოვს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა უცხო ენებისა და მათემატიკური მეცნიერებისადმი. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა რუსეთში გააგრძელა.

საკუთარი ცხოვრება პრიმაკოვმა ქართველ ქალს დაუკავშირა. მისი რჩეული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ლაურა ხარაძე გახდა, რომელიც ქართველი გენერლის მიხეილ გვიშიანის შვილობილი იყო.

© Сергей Самохинევგენი პრიმაკოვი
ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
ევგენი პრიმაკოვი

იგორ ივანოვი
რუსეთის საგარეო საქმეთა ამ მინისტრმა საქართველოში არა მარტო ბავშვობა გაატარა, არამედ ნახევრად ქართველიცაა. მისი დედა ელენე (ელიკო) საღირაშვილი სახელმწიფო ავტოინსპექციაში მსახურობდა. იგორ ივანოვი 1945 წლის 23 სექტემბერს დაიბადა.

ექვს წლამდე ივანოვი საქართველოში დედის მშობლებთან ცხოვრობდა. მან ბავშვობა აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტაში გაატარა.

თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ივანოვმა განაცხადა: „მე მიყვარს საქართველო და ნახევრად ქართველი ვარ“.

© Михаил Воскресенскийიგორ ივანოვი
იგორ ივანოვი - Sputnik საქართველო
იგორ ივანოვი

სერგეი ლავროვი

იმის შესახებ, რომ საგარეოპოლიტიკური უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი თბილისელია, ლამის ყოველი მეორე თბილისელი ლაპარაკობს. დიპლომატის ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი წერია, რომ ის რუსია და მოსკოვში დაიბადა. თითქოს ყველა კითხვა ამოწურულია, რომ არა ერთი „მაგრამ“ — ქართველებს, რაც იწერება, ყველაფრის არ სჯერათ.

ქართული პრესა ლავროვის წარსულით დიდი ხნის წინ დაინტერესდა. ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ლავროვი ავლაბარში, არარატის ქუჩაზე ცხოვრობდა და სწავლობდა 93-ე, ამჟამად 84-ე სკოლაში.

სომხური დიასპორის ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისში ვან ბაიბურთმა, რომელსაც მისი ცნობების საიმედოობაში ეჭვი არ ეპარება, დაადასტურა, რომ ლავროვი არარატის ქუჩაზე ნამდვილად ცხოვრობდა. თბილისის 93-ე სკოლაში კი ნამდვილად არ სწავლობდა — მშობლები მოსკოვში საცხოვრებლად მაშინ გადავიდნენ, როდესაც სერგეი ჯერ სასკოლო ასაკის არ იყო.

2005 წლის თებერვალში, როდესაც ლავროვი ერევნის სლავურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სტუდენტებმა მას ჰკითხეს, უშლის თუ არა ხელს მას სომხური წარმომავლობა. ლავროვმა უპასუხა: მე თბილისური ფესვები მაქვს, რადგან მამაჩემი იქიდანაა, ჩემში მხოლოდ სომხური სისხლია. ეს სისხლი მე არაფერში მიშლის ხელს“.

© Алексей Филипповრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

„გამაადგა რო?!“

ადამიანებმა, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი წლები გაატარეს — როგორც ცნობილია, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. ამასთან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს არც თუ კარგი პერიოდი უდგას. მიზეზებზე უსასრულოდ შეიძლება კამათი, ერთი რამ კი ნათელია — პრიმაკოვის, ივანოვისა და ლავროვის ქართული ბავშვობა მათ მუშაობაზე არანაირად არ მოქმედებს. თითოეული მათგანი იდგა და დგას რუსული ინტერესების სადარაჯოზე.

აი, ასეთი არიან ისინი — კადრები საქართველოდან. ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა შემდეგი მინისტრი ასევე საქართველოდან იქნება. თითქმის ასეთია ტრადიცია…

ყველა ახალი ამბავი
0