საქართველოში ჰაუპტვახტები უქმდება

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ჰაუპტვახტების გაუქმების პარალელურად სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში ან სამხედრო ფორმით ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მიღებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს მთავრობამ პარასკევს გამართულ სხდომაზე მოიწონა.

„თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას პრაქტიკაში დღემდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ ნაკლოვანებების რიგს მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსება“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ამასთან ერთად, უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან სამხედრო დისციპლინის მიმართ ყურადღების მოდუნებას არ ნიშნავს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება უფრო მკაცრი და ადეკვატური.

ცვლილებათა პაკეტი ჰაუპტვახტების გაუქმების პარალელურად სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში ან სამხედრო ფორმით ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მიღებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ჰაუპტვახტი (გერმ. Hauptwache) — დანაშაულში ეჭვმიტანილი ან სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად მსჯავრდებული სამხედრო პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობაა.


ყველა ახალი ამბავი
0