ფსიქოლოგი: საუკეთესო ექსპერტი ძიძის შეფასებისას თქვენი ბავშვია

© photo: Sputnik / Igor Astakhovქალი ბავშვით
ქალი ბავშვით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგმა დავით ამირეჯიბმა Sputnik-თან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძიძის შერჩევისას.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პრობლემა, როგორ შევარჩიოთ ძიძა — მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა დედის თავის ტკივილია. ვის ვანდოთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომ ის ტრავმირებული არ დარჩეს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით — რთული ამოცანაა, თუმცა, ფსიქოლოგ დავით ამირეჯიბის აზრით, ამ პრობლემის გადაჭრა თავად ბავშვს შეუძლია.

ძიძის შერჩევის თემას აქტუალობა არასდროს დაუკარგავს, თუმცა შემთხვევამ მოსკოვში, სადაც უზბეკმა ძიძამ ოთხი წლის გოგონა მოკლა, შემდეგ კი ბინა გადაწვა, მთელი მსოფლიო შეძრა.

„მას შემდეგ, რაც ბავშვი ძიძასთან მარტო რჩება, თვალი ადევნეთ მას. მის რეაქციებს ბევრი რამის თქმა შეუძლია. ძიძის შეფასებისას საუკეთესო ექსპერტი თქვენი ბავშვია. თავის ენაზე ის ამაზე მუდმივად დაგელაპარაკებათ. აიყვანეთ ხელში და ძიძასთან მიდით, შეხედეთ, როგორი რეაქცია ექნება ამაზე. დააკვირდით, როგორ რეაგირებს თვითონ ძიძა. ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ან არ მიიღოს ადამიანი. ძიძას მხოლოდ თქვენ კი არ ირჩევთ, არამედ მას, პირველ რიგში, თქვენი ბავშვი ირჩევს“, — განუცხადა Sputnik-ს ამირეჯიბმა.

რას გულისხმობს ბავშვთა უფლებები, ანუ ვისგან და რისგან ვიცავთ ბავშვს? - Sputnik საქართველო
რას გულისხმობს ბავშვთა უფლებები, ანუ ვისგან და რისგან ვიცავთ ბავშვს?

მთავარია, არ აჩქარდეთ და თქვენი შვილი უცხო ადამიანს დაუფიქრებლად არ ანდოთ, გვირჩევს ფსიქოლოგი. ბევრ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება: ძიძის გარეგნობას, იმას, თუ როგორ აცვია, რამდენად იცავს სისუფთავეს, მოწესრიგებული აქვს თუ არა ფრჩხილები, ხელები, ვარცხნილობა, კანი…

„ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ უვლის, არაჰიგიენურია, ვერც სხვა ადამიანს მოუვლის, მითუმეტეს, ბავშვს“, — აღნიშნა მან.

აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო იმისთვის, რომ დღე ახალ ძიძასთან ერთად გაატაროთ, მასთან ერთად იზრუნოთ ბავშვზე, იყოთ ერთად სხვადასხვა ვითარებაში — თამაშის, კვების, ძილისთვის მზადების, ბანაობის დროს და ასე შემდეგ, მიიჩნევს ამირეჯიბი.

მშობლები უნდა დააკვირდნენ ძიძას, როგორ ექცევა ბავშვს ის სხვადასხვა გარემოებისას, როგორ რეაგირებს ბავშვი ძიძის კომუნიკაციის მანერაზე, ვერბალურ ან არავერბალურ სიგნალებზე, მის შეხებაზე.

„ენდეთ ბავშვის რეაქციებს, ნახეთ, მოსწონს თუ არა მას ეს ურთიერთობა. ასევე მნიშვნელოვანია ძიძის თქვენთან — მშობლებთან დამოკიდებულების ხასიათიც“, — აღნიშნა ამირეჯიბმა.

სანამ ძიძას სამუშაოდ აიყვანთ, მშობლებმა უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა მას ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, სთხოვოთ მას სარეკომენდაციო წერილის მოტანა იმ ოჯახიდან, სადაც ადრე მუშაობდა. აუცილებლად უნდა გაიგოთ მისი ოჯახური მდგომარეობისა და გარემოცვის შესახებ.

„პირად ცხოვრებაზე რაც შეიძლება მეტი უნდა ჰკითხოთ, გაიგეთ მასზე, როგორც ადამიანზე, რაც შეიძლება მეტი, დაინტერესდით მისი პირადი პრობლემებით, სოციალურ-ფსიქოლოგიური და ოჯახური მდგომარეობით“, — აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ძიძამ ბავშვის ემოციური რეაქციები ადეკვატურად უნდა აღიქვას, უნდა დაინტერესდეს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობის განსაკუთრებულობებით. გარდა ამისა, მშობლების უკეთ გაცნობის სურვილი უნდა გამოთქვას, დააკვირდეს, როგორც უვლიან ისინი თავის შვილს, შეამჩნიოს მნიშვნელოვანი ნიუანსები ბავშვის რეაქციებში, როდესაც ის მშობლებთან არის.

მანიპულაციებისადმი მიდრეკილება, ემოციური ინდიფერენტულობა, თანაგრძნობისა და გულწრფელობის დეფიციტი, ფარული აგრესიისა და უნდობლობის სიმპტომები — ეს ის თვისებებია, რაც ძიძის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.

„ძიძა დედა არაა და მშობლის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ მისი დადებითი როლი მხოლოდ მშობლის არყოფნისას ბავშვის მოვლაში არ გამოიხატება, არამედ ბავშვის სოციალიზაციაშიც. ამ დროს სწავლობს ბავშვი სხვა ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც მისი მშობელი არ არის, ის სხვა გარე სამყაროს წარმომადგენელია და ეს სამყარო ბავშვის გამოცდილებაში ძიძის სახით შედის“, — აღნიშნა ამირეჯიბმა.

ყვავილები - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: 2015 წელს საქართველოში 576 ბავშვი დაიღუპა

გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ ელაპარაკება ძიძა ბავშვს, როგორია მისი ტონი, ტემპი, ემოციური მრავალფეროვნება, განწყობა, იცის თუ არა სიმღერები, ნანები, ლექსები, როგორია მისი ლექსიკა, აქვს თუ არა გემოვნება, უყვარს თუ არა მუსიკა. ეს ყოველივე ძიძის შერჩევისას საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ამ დროს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მართალია, ბავშვს ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მას დაბადებიდან შეუძლია მოსმენა და თავის ენაზე ლაპარაკი ადამიანებთან და სამყაროსთან. მას ჯერ არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ სიტყვების ემოციურ დატვირთვას გრძნობს“, — განაცხადა ამირეჯიბმა.

ფსიქოლოგი ყველა მშობელს სახლში ვიდეოკამერის დაყენებას, ძიძასთან სკაიპის მეშვეობით კონტაქტსა და ვითარების გამუდმებით მართვას ურჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0