ომარ ნიშნიანიძე: განვიხილეთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომლებიც პარლამენტის დღის წესრიგში დგას. მაგალითად, ერთსქესიათა ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების საკითხი.
-რა პოზიცია აქვს პრემიერს?
— ერთმნიშვნელოვნად, ის მომხრეა, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიწეროს კონსტიტუციაში მუხლი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ოღონდ პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ და მისი ყველა პუნქტი უნდა იყოს დაცული, რათა არავის ეგონოს ვინმეს დაჩაგვრას ვაპირებთ. პრემიერმა ყველას მოგვიწოდა, ყოველთვის გავუსვათ ხაზი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის წინგადადგმული ნაბიჯი და რომ ჩვენ ვიცავთ ყველა უმცირესობას. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას ამას არასოდეს შევეგუებით, ამიტომაც კონსტიტუციაში სწრაფად უნდა ჩაიწეროს ქორწინების შესახებ მუხლი.
-განიხილეთ თუ არა „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებული დაპირიპირების საკითხი და როგორი იყო პრემიერის პოზიცია?
— რა თქმა უნდა, ამაზე იყო მსჯელობა. პრემიერმა ორივე მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა. აღინიშნა რომ ორივე მხარემ ცოტა გადააჭარბა კიდეც. ჩვენი ვალია, მოვუწოდოთ შერიგებისკენ დაპირისპირებულმხარეებს, რათა არ დაზიანდეს კოალიცია და ზოგადად, ქართული პოლიტიკა. ყველაფერი პოლიტსაბჭოზეა დამოკიდებული, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. აქვე ვიტყვი და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ეს კონფლიქტი ისე გადაწყდეს, რომ რომელიმე მხარემ არ იგრძნოს თავი გამარჯვებულად და ზედმეტად ეიფორიაში არ ჩავარდეს, რათა ამით კიდევ არ დავაზარალოთ ჩვენი კოალიცია.
-კოალიციიდან „რესპუბლიკელების“ გასვლა რამდენად რეალურია?
— სხვათაშორის, გუშინდელი შეხვედრის პარალელურად, ჩვენ აქცია დაგვხვდა მოთხოვნით, გაგვერიცხა „რეპუბლიკელები“ კოალიციიდან. მაგრამ ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა. მე ვფიქრობ და ზოგადად, ჩვენი განწყობა ასეთია, რომ კოალიცია მივიდეს იმავე შემადგენლობით არჩევნებამდე, როგორი სახითაც დღეს ვართ. კოალიციის დაშლა ახლა დაგვაზარალებს.
-თუ იყო ისეთი საკითხი, რამაც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია?
— არ მახსენდება რაიმე სერიოზული კამათი ყოფილიყოს. მსჯელობა იყო, კრიტიკული აზრიც გამოითქვა, გამომდინარე საკითხის სიმწვავიდან. მაგალითად, ცილისწამების დასჯადობასთან დაკავშირებით, ასევე შავ პიართან… დააკვირდით, მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, რომლებიც არიან ჩვენი პარტიის წამყვანი ფიგურებია, მათაც კი ვერ დაიცვეს თავი ცილისწამებისგან. მეც ამიგორეს შავი პიარი… მე კიდევ ერთხელ მოვუწოდე პრემიერს, რომ პიარის კუთხით გავაქტიურდეთ, რათა ჩვენ აბსოლუტური „უპიარობა“ გვაქვს. თანამედროვე პოლიტიკა პიარის გარეშე იგივეა, რაც სიბნელეში ქალბატონს თვალი ჩაუკრა. ბატონმა გიორგიმაც აღნიშნა, რომ ამ კუთხით გარდატეხა უახლოეს ხანებში აუცილებლად გვექნება. აქვე დავამატებ, ცილისწამების დასჯადობის საკითხს აუცილებლად უნდა მოევლოს, თუმცა უნდა ვიყოთ ზომიერები. არავინ უნდა იფიქროს, რომ ამით თითქოს თავისუფალ სიტყვას ბარიერს ვუქმნით — ზომიერებაა დასაცავი!
-ესწრებოდა თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი?
— არა, არ ესწრებოდა. ალბათ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობდა. თუმცა რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში.
-რა ფორმით?
— მხარდაჭერის კუთხით. მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებს ბიზნესის, კულტურის მიმართულებით, აქტიურადაა ჩართული პროცესებში.
-არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი,როგორც მას ოპონენტები უწოდებენ, არაფორმალური მმართველი?
— ოპონენტებს ვუპასუხებ იმას, რომ მათ ივანიშვილის ძვალი აქვთ დასობილი, რადგან სწორედ ბატონმა ბიძინამ გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან. ესენი არიან ძალაუფლების მოყვარული ხალხი, რომლებიც ძალაუფლების გულისთვის საკუთარ დედასაც კი გაიმეტებენ. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და შესაძლებლობა მათთვის დიდ ბარიერს წარმოადგენს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, იციან ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ხალხში, ამიტომაც ცდილობენ მის სახელს ლაფი შეასხან. რაც არ უნდა გააკეთონ, არ მგონია, ქართველ ხალხს სკლეროზი დაემართოს და წარსული დაავიწყდეს…
თენგიზ ჩოჩუა