თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზის სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გააფორმეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
აღნიშნული პროექტი აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2006 წლიდან მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება სამ ფაზად და ითვალისწინებს საკანალიზაციო სისტემის, წყალმომარაგების, წყლის რეზერვუარებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციას ბათუმში და საკანალიზაციო სისტემის შექმნას აჭარის რეგიონში.
აღნიშნულის რეალიზებისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ KfW-ს მეშვეობით გამოყოფილია დაახლოებით 89 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი სესხის სახით და დაახლოებით 28 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის წილი NIF-ის მეშვეობით შეადგენს 8.5 მილიონ ევროს.
ამ ეტაპისათვის საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 32 მილიონი ევრო.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში.
გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.