ტარხუნა როგორც პოტენციის ამაღლების ტრადიციული საშუალება?

© photo: Sputnikტარხუნა
ტარხუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლა ნასრედინის ოხუნჯობა და ჯუმბერ პატიაშვილის უცნაური სადღეგრძელო.

   თამაზ ჩიქვანაია

 საბჭოთა კავშირში, მოგეხსენებათ, (ვისაც არა, გაგონილი მაინც გექნებათ), რომ ათასგვარი ღონისძიებები ტარდებოდა და როგორც წესი, ეს ღონისძიებები, სათანადო ლოზუნგებით იყო დახუნძლული.

 1973 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა მწერლების დიდი ფორუმი შესაბამისი ლოზუნგით: „Ум, честь и совесть советского писателя!“ 

 პირველი ორი დღე საქმიან შეხვედრებს, მოხსენებებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას დაეთმო, მესამე დღეს ეს ხალხი ჯგუფებად დაყვეს, მწერელთა კავშირის ჩემნაირი „ჭყინტი“ თანამშრომლები მიამაგრეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დასათვალიერებლად გაუშვეს. 

ჩემი მიმართულება გორი-ბორჯომი იყო. 30 კაციან ჯგუფში ბევრი ცნობილი მწერალი მოხვდა: ვალენტინ რასპუტინი, ვასილი შუკშინი, ვილ ლიპატოვი რუსეთიდან, უკრაინელი ლეონიდ ნოვიჩენკო, ესტონელი არვო ვალტონენი და სხვები. გორში მშვიდობიანად ჩავედით, სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სოციალისტური შრომის გმირის, არსენ ღოლიჯაშვილის სახლში სტუმრებისთვის დიდი პურმარილი გაიშალა. თამადა, იმხანად გორის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი იყო. გაგონილი მქონდა კარგი თამადააო, მაგრამ გაგონილს ნანახმა გადააჭარბა.

 სუფრას ჩიტის რძე არ აკლდა, თუმცა, ეს ერთი შეხედვით, როგორც მალე გამოირკვა, მთავარი ინგრედიენტი სიურპრიზად დაეტოვებინათ. დაახლოებით ერთ საათში, გორელმა გოგონებმა მოზრდილი ლანგრებით შემოიტანეს მწვანე, ხასხასა ტარხუნა. ამ დროს თამადაც ფეხზე წამოდგა და ნეკრასოვის რუსულით სტუმრებს მიმართა:

— ბატონებო! ახლა, ქართველი ერის გამორჩეული სადღეგრძელო უნდა მოგახსენოთ, ტრადიცია მავალებს რიტუალური სიტყვები ქართულ ენაზე წარმოვთქვა, ამისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ შემდეგ, აუცილებლად გითარგმნითო —დააიმედა გაფაციცებული საზოგადოება. შემდეგ ქართულად გააგრძელა, გთხოვთ, არ შეიმჩნიოთ, ამყევით, ჩემთან ერთად გაითამაშეთ ეს მინი — სპექტაკლი და მალე დარწმუნდებით, რამდენად საჭირო და აუცილებელი პროდუქტია ტარხუნა. ამ ჩვეულებრივ სიტყვებს რომ ამბობდა, ხელებს თეატრალურად შლიდა ვითომ, მართლაც რაღაც შამანურ რიტუალს ატარებსო.  ახლა რუსულ თარგმანს მოუსმინეთ (რა თქმა უნდა ქართულად):

— ქართველებს წესად გვაქვს, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ამ ჯადოსნურ მცენარეს; ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული, ქართველი მამაკაცები ტარხუნას აქტიური მომხმარებლები გახლავართ, დედები ბავშვობიდან გვაჩვევდნენ მის ჭამას, რადგან, სწორედ ტარხუნაა მამაკაცური პოტენციის პანაცეა, ამ ჯადოსნურ მცენარეს უმადლიან ჩვენი ერის მამაკაცები იმ ძალას, რაც მათ სხვათაგან გამოარჩევსო.

 ძალიან გთხოვთ, ქართველი მამაკაცების პოტენციურ შესაძლებლობაზე კამათი არ დამიწყოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს სპექტაკლია, თამაში, და ასეთ დროს მცირე გადაჭარბება დასაშვებია.  სადღეგრძელოს შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა მოზრდილი სასმისი გამოცალა და ალავერდმაც მთელი სუფრა ჩამოიარა.

 10-15 წუთი დაიცადეთ, მერე ნახავთ, რაც მოხდება, ოღონდაც, არავითარ შემთხვევაში არ    გაიცინოთ და არც შეიმჩნიოთ რისი მომსწრეებიც გახდებითო, —  გაგვაფრთხილა თამადამ.

  სუფრა თავისი რიგით წავიდა, სალაპარაკო თემა შეიცვალა, ახალ-ახალი კერძები შემოვიდა და მალე სპექტაკლის მეორე განყოფილებაც დაიწყო. უცხო ტომელი მამაკაცები დედის რძეს მონატრებული ჩვილებივით მიეტანენ ტარხუნას, წინასწარ გაფრთხილებული მიმტანები ახალი პარტიების შემოტანას ვერ აუდიოდნენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონები ტარხუნას მალულად და ბღუჯა-ბღუჯა იტენიდნენ ჩანთებში. აი, აქ კი თავის შეკავება ძნელი გახდა, მაგრამ ისევ თამადამ გვიშველა. ერთი იაფფასიანი ანეკდოტი მოყვა და ღოლიჯაშვილების ოჯახში მყოფი ქართველების ძალისძალად შეგუბებულმა ხარხარმაც გორის ცა შეაზანზარა. სტუმრებმა ზრდილობის გამო გაიღიმეს, რადგან სასაცილო ის ანეკდოტი ნამდვილად არ გახლდათ;  მთავარი იყო, სტუმარ- მასპინძლობის ეტიკეტი არ დაგვერღვია და უხერხულობა თავიდან აგვეცილებინა.

 მეორე დილით, გორის „ინტურისტის“ ფოიეში ასეთ ფრაზას მოვკარი ყური: კაცო, ეს უცხო ხალხი დიდი მონდომებით რომ ეტანებოდა ამ ტარხუნას გასაგებია, მაგრამ ეს ქართველი კაცები რაღამ გადარიაო…

 მოლა ნასრედინის ოხუნჯობა გამახსენდა, სოფლის ბოლოში ფლავს არიგებენო რომ მოიტყუა. ცოტა ხანში მთელი სოფელი იმ მიმართულებით დაიძრა, თავად მოლამაც წამოავლო ხელი ქვაბს, იქნება-და, მართლა არიგებენო…


ყველა ახალი ამბავი
0