აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა და ქართული მხარის მოლოდინები

გამოწერა
ის, რომ დაწყებულია მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ქართველ ჟურნალისტებს რუსმა დიპლომატმაც დაუდასტურა.

  თამარ კვარაცხელია

 გამარტივდება თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთ-საქართველოს შორის?— ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის წინ დაისვა. 

 როგორც დღეს აბაშიძემ ჟურნალისტებს  შეხვედრის წინ განუცხადა, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროში. ასევე ისაუბრებენ ჰუმანიტარულ საკითხებში არსებულ გარკვეულ პრობლემებზეც.  აბაშიძის განცხადებით, ის აუცილებლად დააკონკრეტებინებს რუსულ მხარეს იმ საკითხსაც, თუ რას გულისხმობენ, როცა სავიზო რეჟიმის სავარაუდო გამარტივებაზე საუბრობენ, რა კატეგორიის მოქალაქეებისთვის გამარტივდება რუსეთთან მიმოსვლა და როდიდან შეიძლება ველოდოთ ამ პროცესის დაწყებას. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე და არა მის სრულ გაუქმებაზე. 

 ის, რომ დაწყებულია მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ქართველ ჟურნალისტებს რუსმა დიპლომატმაც დაუდასტურა. გრიგორი კარასინის განცხადებით, მას არ სურს, საერთაშორისო სიტუაციამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რაიმე გავლენა იქონიოს: "უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, თუმცა სიტუაციას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ართულებს. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ და იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაღრმავდა ქართულ-რუსული ურთიერთობები არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, ასევე, გახშირდა ორმხრივი კონტაქტები სტუდენტებსა და მეცნიერებს შორისაც, რაც მისასალმებელი ფაქტია“. 

 რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2000 წლის დეკემბერში შემოიღო, პანკისის ხეობიდან მის ტერიტორიაზე ტერორისტთა თავდასხმების საფრთხის გამო. თუმცა შემდეგში, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. 

2008 წლის აგვისტოში კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 საქართველომ ქვეყანაში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა. 

 საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.

 საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0