ქართველ სამბისტთა ნაკრების ტრიუმფი მაროკოს მსოფლიო ჩემპიონატზე

© photo: Sputnikსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ქართველ სამბისტთა ანგარიშზე მსოფლიო პირველობის 9 ინდივიდუალური მედალია.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ვახტანგ ჩიდრაშვილმა (-57 კგ) და დავით ლორიაშვილმა (-100 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, რომელიც ამ დღეებში კასაბლანკაში მიმდინარეობს, ოქროს მედლები მოიპოვეს. სულ ქართველ სამბისტთა ანგარიშზე მსოფლიო პირველობის 9 ინდივიდუალური მედალია.

დავით ლორიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს — რუს დმიტრი ელისეევს სძლია, ხოლო ჩიდრაშვილმა — ტაჯიკ აკმალიდინ ქარიმოვს, და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა.

„ემოციებით ვარ სავსე და რამის თქმა მიჭირს. მესამედ გავხდი მსოფლიოში უძლიერესი და მინდა თითოეულ სამბისტს ასეთივე შეგრძნების განცდა ვუსურვო“, — თქვა ჩიდრაშვილმა.

ჩიდრაშვილი მეორე ქართველი სამბისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა. ახლა ის ამ რეკორდს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილთან იზიარებს.

ორი ოქროს მედლის გარდა, საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა ტურნირზე სამი ბრინჯაოც მოიგო. მისი მფლობელები არიან ლევან ნახუცრიშვილი (-68 კგ), ბესარიონ ბერულავა (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ).

საქართველოს ნაკრების წარმატებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანეს ქალებმა. მათ მაროკოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს. ნინო ოძელაშვილი (-68 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) ფინალში გავიდნენ, მაგრამ რუს ოლგა ზახარცევასა და ანა ბელაშოვასთან წააგეს. შორენა შორაძე (-80 კგ) და ირინა ლეონიძე (-80 კგ) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. 

მაროკოს მსოფლიო ჩემპიონატი ორშაბათს, 16 ნოემბერს გუნდური შეჯიბრებით დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0