კობახიძე: სააკაშვილის პარტია საქართველოში დესტაბილიზაციის ფონს ქმნის

გამოწერა
გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 4 ივლისს შეეფარდა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის იგივე ზომა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე გამოიყენა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფონის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ექს–მერის გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე მოცდა ურჩია.

ენმ-ის წევრის გიგი უგულავას სასამართლო სხდომა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების საქმეზე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან ყოფილი მერის მომხრეები არიან შეკრებილნი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ჩატარდა თბილისის მე-9 საპყრობილესთან (ე.წ. „მატროსოვის ციხე“) გუშინ, ღამით აქცია.

„ასეთი აჟიოტაჟი… მხოლოდ… ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფონის შექმნას ემსახურება. ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინებოს და საერთო სასამართლოების მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდოს“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. 

კანონი უნდა აღსრულდეს და ყველასი, მათ შორის უგულავას უფლებებიც უნდა დაცული იყოს, თუმცა, სხვა საკითხია, როგორ და როდის უნდა შესრულდეს ეს გადაწყვეტილება, აღნიშნა მან.

 „ამ დროისთვის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზი გვაქვს. ბუნებრივია, უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია დაავალოს არც სასჯელაღსრულების მინისტრს, არც ციხის დირექტორს, გაათავისუფლოს გიგი უგულავა. სასამართლოს ბრძანება პატიმრობის შესახებ მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანებით შეიძლება შეიცვალოს“, — აღნიშნა კობახიძემ.

გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 4 ივლისს შეეფარდა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის იგივე ზომა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე გამოიყენა.

თბილისის ყოფილმა მერმა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას საპატიმროში ყოფნა არაკონსტიტუციურია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად საქმე ეხება სახელმწიფოს სახსრების გაფლანგვასა და ფულის გათეთრებას პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია. 


ყველა ახალი ამბავი
0