ანსამბლი „დიდგორი“ უზბეკეთის ფესტივალის პრიზიორი გახდა

გამოწერა
ქართველი მუსიკოსები ფესტივალზე “აღმოსავლეთის მელოდიები“ 27 აგვისტოს გამოვიდნენ. “დიდგორელებმა“ სამი ხალხური სიმღერა შეასრულეს - კახური “მრავალჟამიერი“, მეგრული “ოჰოჰოია ჰარირათი“ და გურული “ხასანბეგურა“.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქართული ანსამბლი “დიდგორი“ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „აღმოსავლეთის მელოდიები“ ქალაქ სამარყანდის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

ფესტივალი “აღმოსავლეთის მელოდიები“ (Sharq Taronalari) უზბეკეთში 2015 წლის 25-30 აგვისტოს გაიმართა.

ქართველი მუსიკოსები ფესტივალზე “აღმოსავლეთის მელოდიები“ 27 აგვისტოს გამოვიდნენ. “დიდგორელებმა“ სამი ხალხური სიმღერა შეასრულეს — კახური „მრავალჟამიერი“, მეგრული „ოჰოჰოია ჰარირათი“ და გურული „ხასანბეგურა“.

 „ყოველდღიურად ვატარებდით კონცერტებს ქალაქ სამარყანდის უბნებსა თუ რაიონებში. გავიცანით უამრავი ადამიანი, მუსიკოსი, ფესტივალების ორგანიზატორები და პროდიუსერები, მივიღეთ დიდი გამოცდილება, ვეზიარეთ 66 ქვეყნის მუსიკალურ კულტურას, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. რაც ყველაზე მთავარია, შევიძინეთ ახალი მეგობრები“, — აღნიშნეს ანსამბლის წევრებმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ფესტივალის გრან-პრი მიიღო ქალთა ეროვნულმა ორკესტრმა Jiangsu ჩინეთიდან, რომელიც ტრადიციულ ჩინურ ეროვნულ მუსიკას ასრულებს. პირველი ადგილი მიიღო იაპონურმა ჯგუფმა Shamisen-მა, მეორე ადგილი ესტონელმა შემსრულებელმა აილვერ სეპმა და პოლონურმა ანსამბლმა Chelm-მა გაინაწილეს. მესამე ადგილი ერგო ჯგუფს კოსტა-რიკიდან Quelite-ს.

ანსამბლი „დიდგორი“ 2003 წელს დაარსდა. ის აქტიურად მუშაობს უძველესი ორიგინალური ქართული სიმღერების აღორძინებაზე. 

 „დიდგორი“ გასტროლებით მოგზაურობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ანსამბლმა კონცერტებით წარმატებით მოიარა ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და რუსეთი.

უზბეკურ ფესტივალზე „აღმოსავლეთის მელოდიები“ ქართული მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენლები პირველად არ მონაწილეობდნენ. ქართველები სამარყანდში 2001, 2003, 2005 და 2011 წლებშიც გამოვიდნენ.

საერთაშორისო ფესტივალი „აღმოსავლეთის მელოდიები“ სამარყანდში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ის 1997 წელს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კერიმოვის ინიციტივით დაარსდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0