ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალი ქვაბულები აღმოაჩინეს

გამოწერა
ვარძიის მასშტაბური კვლევითი სამუშაოები ნახევარი საუკუნის შემდეგ განახლდა. ამჟერად არქეოლოგებმა ორი ახალი იარუსი და მათში ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც სამხრეთ საქართველოს ტურისტულ მარშრუტში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ახალი ქვაბულები აღმოაჩინეს, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვარძიის მასშტაბური კვლევითი სამუშაოები ნახევარი საუკუნის შემდეგ განახლდა.

ამჯერად, არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბულია აღმოჩენილი. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ. ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება. ასევე ფიქსირდება უძველესი სათავსოები და ქვევრები, რომელშიც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.

დღეს, ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, მოიცავს ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

სამონასტრო კომპლექსი, ძირითადად, 1156-1203 წლებში, გიორგი მესამისა და თამარის მეფობის პერიოდში იქმნებოდა. ის ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. კომპლექსი თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა — მის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარისკენ მიმავალი საიდუმლო გვირაბია გაყვანილი.

კლდეში ნაკვეთ ქალაქში ასობით ნაგებობა და მათ შორის დამაკავშირებელი გასასვლელებია, რომლებიც სიგრძეში 800 მეტრზე, ხოლო სიღრმეში 50 მეტრზეა გაჭიმული. ნაგებობებს შორისაა კელიები, სატრაპეზოები, სასაწყობე სათავსოები, ღვინის მარნები.

ვარძიის კომპლექსი იმ 15 ძეგლს შორისაა, რომლებიც 2007 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იუნესკოს წარუდგინა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0